ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატებმა “ბადაგონში” განხორციელებული ინვესტიციების და გიორგი სალაყაიას მიერ წილების მითვისების შესახებ დოკუმენტები წარმოადგინეს

ვლადიმერ ჯანჯღავას და კომპანია “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის” ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს. იმედა დვალიძემ და დიმიტრი ხაჩიძემ დოკუმენტაცია წარმოადგინეს, რომელიც მათი თქმით, “გრაკოროს” მიერ კომპანია “ბადაგონში” ინვესტიციების განხორციელების ფაქტს, აგრეთვე წილების ფორმალურად გადაფორმებისას, კომპანიის რეალურ ღირებულებას ადასტურებს.
„ვაცხადებთ პრეტენზიას ჩვენი კუთვნიილი წილის დაბრუნებაზე და შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებში არ შედის, რომ მოხდეს საწარმოს გაჩერება. მით უფრო, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“,-აცხადებს ადვოკატი იმედა დვალიძე.
მისივე თქმით, გიორგი სალაყაია მათ კითხვებს დღემდე არ პასუხობს.
„გიორგი სალაყაია წინა ბრიფინგზე გაჟღერებულ ჩვენს სამ პრინციპულ კითხვას დღემდე არ პასუხობს. შეგახსენებთ ამ სამ კითხვას: 1. რა თანხის ინვესტიცია განახორციელა კომპანია „ბადაგონში“ ვლადიმერ ჯანჯღავამ კომპანია „გრაკოროს“ მეშვეობით? 2. თავად სალაყაიამ რა ოდენობის ინვესტიცია განახორციელა კომპანია „ბადაგონში“ და 3. რა ფასად და რა პირობით შეიძინა მან კომპანია „ბადაგონის“ საბოლოო ჯამში 100%-იანი წილი? – აღნიშნა ადვოკატმა იმედა დვალიძემ. მისი თქმით, სალაყაია გაურბის „ბადაგონში“ წილის მითვისების თემაზე საუბარს.
იმედა დვალიძე გიორგი სალაყაიას ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, თითქოსდა, 2015 წელს, ბადაგონის წილების გადაფორმების მომენტისათვის, კომპანიის ღირებულება იყო ზერო, ანუ ნული და, თითქოსდა, კომპანია იყო ფაქტიურად ბანკროტი. აღნიშნულის საპასუხოდ, ჯანჯღავას ადვოკატებმა მედიის წარმომადგენლებს წარუდგინეს დოკუმენტი, კომპანიის კრების ოქმი რომელიც მათი თქმით, ადასტურებს, რომ 2015 წლის იანვარში კომპანია “ბადაგონის” ღირებულება შეადგენდა სულ მცირე, რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს. იმედა დვალიძემ ასევე წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი, რომელიც იმავე პერიოდშია გაკეთებული და სადაც თავად სალაყაიაც საუბრობდა კომპანია „ბადაგონის“ წარმატებაზე და იმაზე, რომ საწარმო იყო #1 და წარმოადგენდა საქართველოს სახეს.
გარდა ამისა, ადვოკატმა კომპანია „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორის – ვლადიმერ ჯანჯღავას მიერ კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ მეშვეობით, კომპანია ბადაგონში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ დოკუმენტებიც წარადგინა და აღნიშნა, რომ 2006 წელს, როცა რუსეთის მხრიდან ემბარგო გამოცხადდა, ქარხნის მშენებლობა არ შეჩერებულა და მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით, 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციები განხორციელდა. ადვოკატმა ასევე წარმოადგინა დოკუმენტი, რომლის შესაბამისად, 2011 წლამდე, ინვესტიციების სახით, მოზიდული 14 მილიონი დოლარი, ვლადიმერ ჯანჯღავამ „გრაკოროს“ მეშვეობით „ბადაგონის“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა, ანუ ფაქტობრივად კომპანიას აჩუქა.
“ჩვენ ვითხოვთ იმ წილის დაბრუნებას, რომელიც ფორმალურად იყო გადაცემული გიორგი სალაყაიაზე. ვლადიმერ ჯანჯღავას კომპანიამ დაახლოებით, 20 მილიონი დოლარი დააბანდა საწარმოში და თუნდაც ის ფაქტი, რომ წილის ფორმალური გადაცემისას, კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა, 10 მილიონი დოლარის საკრედიტო რესურსი მოეთხოვა ერთ-ერთი ქართული ბანკისგან, ადასტურებს კომპანიის რეალურ ფასს და ღირებულებას“,- განაცხადა დვალიძემ.
მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ხშირად აპელირებს მოწინააღმდეგე მხარე, ისაა, თუ რატომ მიმართეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომ თითქოს ეს სამოქალაქო დავაა.
„მთელი ამ დღეების განმავლობაში, მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან, ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ უნდა იძიებდეს ამ საქმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მითვისება ან გაფლანგვა, რაც სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის კანონიერ მფლობელობაში ან განმგებლობაში, დანაშაულს წარმოადგენს და საქართველოს კანონმდებლობით სწორედ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია ის სუბიექტი, რომელიც ამ დანაშაულს უნდა იძიებდეს”,-აცხადებს ადვოკატი.
იმედა დვალიძემ და დიმიტრი ხაჩიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდეს გიორგი სალაყაიას, რომ მან საქმესთან დაკავშირებულ ძირითად კითხვებს უპასუხოს და ხელოვნურად არ შეეცადოს საქმის სხვა სიბრტყეში უსაფუძვლოდ გადატანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები