ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმების (DCFTA) შესრულებაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს დღეს, საქართველოს პარლამენტში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვასა და, უკრაინისა და ევროპარლამენტარების შემადგენლობით გამართულ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე.

სხდომას სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები ევროპარლამენტარი კლერ მუდი და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე, თამარ ხულორდავა ხელმძღვანელობდა.

„ევროკავშირთან ასოცირებული სამი ქვეყანა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთმანეთს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების პროცესში მიღებულ გამოცდილებას გავუზიარებთ. ვიმსჯელებთ გატარებულ რეფორმებზე, მიღწევებზე და გამოწვევებზე”, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ. მან  სამუშაო ჯგუფის წევრებს აცნობა, რომ ევროპარლამენტი მუშაობას იწყებს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ინსტიტუციური მექანიზმების შედარებით კვლევაზე სამივე ქვეყანაში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დააფინანსა.

„მთავარია ხედვების გაცვლა იმ პროგრესზე და გამოწვევებზე, რომელიც დაკავშირებულია „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმების განხორციელებასთან. დღევანდელ დისკუსიაზე ვიმსჯელებთ, თუ რა შედეგი მოიტანა და რა ზეგავლენა მოახდინა ამ სამი ქვეყნის  ეკონომიკაზე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეათანხმებამ”, – აღნიშნა კლერ მუდმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. „საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ ხელშეკრულების ეფექტური განხორციელება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. DCFTA -ის ძალაში შესვლის შემდეგ 2%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებში, გაიზარდა ექსპორტი 13%-ით.  ასევე, მნიშვნელოვანი არის ზრდა გვაქვს სოფლის მეურნეობაში. ექსპორტის ზრდასთან ერთად გაიზარდა ექსპორტის კომპანიების რაოდენობაც. ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოს პროდუქტებთან დაკავშირებით ცნობადობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტი სარგო მივიღეთ მას შემდეგ რაც ხელშეკრულებაში ჩაერთო ევროკავშირი, თურქეთი და საქართველო”, – განაცხადა გენადი არველაძემ. მან ყურადღება გაამახვილა დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის რატიფიცირების პროცესშია, და რომელიც თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას გახდის შესაძლებელს.

მან მცირე და საშუალო ბიზნესის დამტკიცებულ სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით, ფინანსურ წყაროებთან მათ წვდომის და მათი უნარ-ჩვევების განვითარების ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გამოყო პროექტი  „აწარმოე საქართველოში”. „ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ამ ინსტიტუციის, რათა მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის სამეწარმეო სწავლება, ფინანსურ წყაროებთან წვდომა, ექსპორტისა და იმპორტის პოპულარიზაცია და სხვა”, – აღნიშნა მომხსენებელმა.

როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, DCFTA-ის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა მუშაობს, რათა ჩამოყალიბდეს ეფექტური ბაზრის ზედამხედველობა ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქციებზე საქართველოში. „მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ახლო თანამშრომლობა ევროკომისიასთან და შესაბამის ინსტიტუციებთან რათა მივაღწიოთ უფრო მეტ წვდომას ევრობაზარზე იმისთვის, რომ წავახალისოთ მეწარმეები, რომ მიიღონ მეტი სარგებელი ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ფარგლებში”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სხდომაზე უკრაინისა და მოლდოვას წარმომადგენლებმა ასევე, ისაუბრეს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაზე, საკუთარი ქვეყნების მიღწევებზე და გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

სხდომაზე კარლო ნატალემ დამსწრე საზოგადოებას ევროკომისიის ანგარიშები გააცნო. მან პარტნიორ ქვეყნებში DCFTA-ის დადებით ზეგავლენაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ  2017 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ექსპორტია კუთხით მნიშვნელოვანი ზრდაა სამივე ქვეყანაში.

„რეგულაციური აპროქიმაციის პროცესი, რომელიც შეთანხმების დროს იქნა მიღწეული არის უნიკალური ტრანსფორმაციის პერიოდი და ხელს უწყობს ვაჭრობის გაუმჯობესებას, ინვესტიციების ზრდას. სამივე პარტნიორმა ქვეყანამ თანხმობა განაცხადეს, რომ ეს რეგულაციური აპროქსიმაცია მოხდება სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენებისთვის და  ევროკავშირის ბაზრის გახსნისთვის. მაღალი ამბიციიდან გამომდინარე, სამივე პარტნიორმა თავის თავზე სხვადასხვა ვალდებულებები აიღო სხვადასხვა ვადებში. პროგრესი შესამჩნევია”, – განაცხადა კარლო ნატალემ. მისი თქმით, ევროკავშირი და ევროკომისია მზად არის გააგრძელოს თითოეულ ქვეყანასთან მუშაობა იმისთვის, რომ ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები ამ ქვეყნებში იყოს დაძლეული.

გამოსვლების შემდეგ სხდომაზე დისკუსია გაიმართა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის შემდეგი სხდომა ივნისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები