დავით მათიკაშვილი: საქართველოს მართლმსაჯულება განვითარების უმნიშვნელოვანეს ღერძს წარმოადგენს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მართლმსაჯულება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანეს ღერძს წარმოადგენს. “მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრ კრიტიკოსს და სკეპტიცისტს, ვისაც არ სჯერა სასამართლოში განხორციელებული რეფორმების წარმატებულობისა, მსოფლიოს წამყვანმა კვლევითმა ცენტრმა The Heritage Foundations-მა სათანადო პასუხი გასცა. დავოსის ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის შესაბამის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხსენებულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევა, რომლის თანახმად, ეფექტიანობის მაჩვენებლით საქართველოს სასამართლო სისტემა პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში”,-აღნიშნა დეპუტატმა. მისი თქმით, ეს იმის აღიარებაა, რომ 2012 წლის შემდგომ, სახელისუფლებო წნეხისგან და ძალმომრეობისგან გათავისუფლებული მართლმსაჯულება, რომელმაც რამდენიმე გზის ეტაპობრივი რეფორმირება განიცადა, წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანეს ღერძს. “სწორედ ეს არის საზოგადოების დაკვეთა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომლის მიზანსაც ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელება წარმოადგენს. გულწრფელად ვულოცავ ამ აღიარებას სრულიად საქართველოს, თუმცა აქვე დავძენ, რომ სასამართლომ უნდა გააგრძელოს რეფორმების გზით სიარული, არ მოაკლოს მცდელობა, საბოლოოდ დაამკვიდროს ევროპული ტიპის, დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ობიექტური მართლმსაჯულება, რომლის გარეშეც, როგორც ამას ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვამცნობს, შეუძლებელია თავისუფალი საზოგადოების არსებობა”,-განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები