ვლადიმერ ჯანჯღავა: გიორგი სალაყაიამ ჩემი ნდობა გამოიყენა და საკუთრება მიითვისა

კომპანია „ბადაგონის“ ინვესტორისთვის, ვლადიმერ ჯანჯღავასთვის კოპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები გაუგებარია.
ამის შესახებ ჯანჯღავამ სასტუმრო „რუმსში“ „სკაიპით“ ჩართვის დროს განაცხადა, სადაც მისმა ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს.
„ის, რაც დღეს ხდება, ჩემთვის გაუგებარია. ვფიქრობ, მოვიდა დრო შევახსენო ბატონ სალაყაიას, რომ ყველა ფულად სახსრებს იღებდა ჩემგან. ჩვენ ვმეგობრობდით და სამწუხაროდ, მან ეს ყველაფერი დაივიწყა. სამწუხაროდ, ის იგნორირებას უკეთებს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნებს. იძულებული ვართ, თავად ვიპოვოთ გზები და მას ანგარიში გავუსწოროთ. მან ჩემი ნდობა გამოიყენა და ჩემი საკუთრება მიითვისა“,- განაცხადა ვლადიმერ ჯანჯღავამ.
ჯანჯღავას ერთ-ერთი ადვოკატის, იმედა დვალიძის თქმით, თემის ირგვლივ ტემპერატურის აწევა ხელოვნურად მიდის. მისი შეფასებით, ადგილი აქვს სპეკულაციებს, ნახსენები იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, რომ პრობლემის სხვა სიბრტყეში გადატანა მომხდარიყო.
“ადგილი აქვს საბოტაჟს და სპეკულაციებს. ნახსენები იყვნენ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები, ბიზნესმენები. მათ გვარებს შეგნებულად აღარ გავიმეორებ. აღნიშნულის მიზანი მთავარი საკითხების და პრობლემის სხვა სიბრტყეში გადატანის მცდელობაა. მე მინდა, თქვენი მეშვეობით, სამი კითხვა დავუსვა ბატონ სალაყაიას: ვინ ახორციელებდა ინვესტიციებს კომპანია „ბადაგონში“? ვისგან და რა პირობით შეიძინა კომპანიამ „ბადაგონის“ წილი? რა ოდენობის ინვესტიციები განახორციელა მან თავად?“,-აღნიშნა ადვოკატმა.
„გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ, ჟურნალისტებს გამოძიებასთან დაკავშირებული დეტალები გააცნო, თუ რატომ და როდის მიმართა ფინანსურ პოლიციას.
მისი თქმით, გამოძიებისთვის წარმოდგენილია ის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს კომპანია ,,ბადაგონში“ განხორციელებულ ინვესტიციებს. ხაჩიძეს თქმით, ყოველგვარი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს დოკუმენტაცია გამოძიების სწორი მიმდინარეობისათვის, არის აბსოლუტური სიცრუე.
პრესკონფერენციას ასევე, თეიმურაზ უბილავა ესწრებოდა, რომელიც 2003 წლიდან „ბადაგონის“ პრეზიდენტია.
უბილავამ დეტალურად გაიხსენა “ბადაგონის“ ქარხნის მშენებლობის და განვითარების პროცესი.
გამოსვლის დასასრულს, მან „ბადაგონის“ ახლანდელ დირექტორს გიორგი სალაყაიას მიმართა – „გოგი, არ გაბედო ქარხნის გაჩერება“.
რამდენიმე დღის წინ, კომპანია „ბადაგონში“ ფინანსური პოლიცია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ ადვოკატის საჩივრის საფუძველზე შევიდა.
შეგახსენებთ, რომ ჯანჯღავა კომპანიის მოქმედ მენეჯერს გიორგი სალაყაიას კომპანიის წილის მითვისებაში ადანაშაულებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 18 იანვარს დაიწყო გამოძიება შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე – სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები