საქართველოში პროფესიული განათლების დისტანციური სწავლების მეთოდი პირველად დაინერგა – ხვალ პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

პროექტი – „თეორიაზე, პრაქტიკაზე და ვიზუალურ მედიაზე დაფუძნებული დისტანციური სწავლების პროფესიული გადამზადების მოდელი“, რომელიც რუსთავში, ზესტაფონსა და ჭიათურაში მიმდინარეობდა, დასასრულს უახლოვდება.

აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია ხვალ, სასტუმრო „ვერა ჰაუსში“ გაიმართება.

პროექტის განხორციელების ვადა 9 თვე იყო. აღნიშნულ პერიოდში დისტანციურად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ავტომექანიკოსისა და ელექტრიკოსის პროფესიებისთვის, პროფესიული ტრენინგი შემუშავდა და ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში „ჭიათურმანგანუმის“ მიერ კომპანიის ბაზაზე სპეციალურად მოწყობილ სატრენინგო აუდიტორიასა და სახელოსნოებში, ავტომექანიკოსისა და ელექტრიკოსის სპეციალობით, „ჯორჯიან მანგანეზის“ 40 თანამშრომელი გადამზადდა.
თანამშრომლებს რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსის“ პედაგოგები, ქართულენოვანი დისტანციური სწავლების პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით და ინტერაქტიული სიმულატორის გამოყენებით ასწავლიდნენ.
პროექტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება და დაფინანსებულია აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, თუმცა „ჯორჯიან მანგანეზმა“, როგორც პროექტის პარტნიორმა, მასში საკმაოდ დიდი კონტრიბუცია ჩადო.

როგორც შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ის ყურადღებამისაქცევი და თვალსაჩინო იქნება, როგორც მაგალითი თანამშრომლობისა კერძო სექტორსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის.

„უფრო მეტიც, პროექტი შესანიშნავია იმ თვალსაზრისითაც, როგორ გავზარდოთ დასაქმებულთა პროფესიული უნარები და ცოდნა სამუშაო პროცესის შეუფერხებლად, ასევე, მივიღოთ მაღალი ხარისხის ტრენინინგი იმ სასწავლებლიდან, სადაც ეს ცოდნა მოიპოვება“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს, მოსწავლისა და მასწავლებლის ფიზიკური ადგილსამყოფელის მიუხედავად, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას.

„პროექტი დაამტკიცებს, რომ ცოდნის გადაცემა შესაძლებელია ნებისმიერ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, საქართველოში, ნებისმიერი სასწავლო დაწესებულებიდან, სადაც მსგავსი ცოდნა და გამოცდილება არის, ასევე დაადასტურებს მოსაზრებას, რომ მცირე პროფესიული რესურსის მიუხედავად, საქართველოს მასშტაბით, ცოდნის გაზიარება შესაძლებელია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“, – აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

პროექტი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: პრაქტიკული სწავლების მექანიზმის შემუშავება და ინტეგრაცია, დისტანციური სწავლების მეთოდში;

პროფესიაზე მორგებული (ავტომექანიკოსი და ელექტრიკოსი) ვირტუალური, ინტერაქტიული, სიმულატორის შექმნა და დისტანციური სწავლების პროცესში გამოყენება;

ქართულენოვანი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, პროფესიული ვირტუალური სიმულატორის მხარდასაჭერად, რეგიონებში ენობრივი ბარიერისა და მასწავლებელ-მოსწავლეს შორის ვირტუალური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად.

9-თვიანი პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პროდუქტი გაუზიარდება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას. მომზადდება სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა გამოიყენონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამისთვის.

პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები ამ პროექტს მაგალითად გამოიყენებენ, რათა მათაც დანერგონ მსგავსი ინოვაციური მიდგომები და თანამედროვე სასწავლო პლატფორმა გამოიყენონ ხარისხიანი სწავლების მიწოდებისთვის როგორც კოლეჯებში, ასევე კომპანიებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები