რას პასუხობს ომბუდსმენს ლევან ვასაძის სკოლის დირექტორი – „რა საჭიროა ზაფხულის ფაქტის ახლა ტირაჟირება“

ლევან ვასაძის მიერ დაფუძნებული სკოლის დირექტორი მარინა კაჭარავა სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ეხმაურება და „კვირასთან“ აცხადებს, რომ „რა საჭირო იყო ზაფხულის ფაქტის ახლა ტირაჟირება“

როგორც „კვირას“ მარინა კაჭარავამ განუცხადა, სკოლის ადმინისტრაციამ სახალხო დამცველს წერილობითი პასუხი შარშან ზაფხულში გაუგზავნა და თუ საჭირო გახდა, გაასაჯაროებენ. 
დირექტორი ამბობს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები მისთვის ცნობილია, თუმცა განცხადება ოფიციალურად ჯერ არ მიუღიათ.
მისივე თქმით, სკოლის მე-8 კლასში 10 გოგონა იყო და მხოლოდ 1 ბიჭი, ამიტომ სტიპენდია წახალისების მიზნით გამოიყენეს.
განცხადება, რომელიც „კვირას“ ხელში ჩაუვარდა, 2017 წლის 28 ივნისითაა დათარიღებული. სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„2017 წლის 28 ივნისს, “იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა” გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სკოლამ გამოაცხადა სასტიპენდიო პროგრამა VIII კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის. სტიპენდიის ოდენობა დამოკიდებული იყო მისაღები გამოცდების შედეგებზე, მისაღები კონტიგენტის რაოდენობა კი, განისაზღვრა არაუმეტეს 4 მოსწავლით. იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მიერ გავრცელებული განცხადებით, სკოლა VIII კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ განცხადების გამოქვეყნებით არ ისახავდა უარყოფით მიზნებს. სკოლის მიერ სოციალური გვერდით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ VIII კლასში სწავლობს 10 გოგონა და 1 ბიჭი, შესაბამისად, სწორედ მოსწავლეთა დაბალანსების მიზნით, სასტიპენდიო პროგრამა შეიქმნა მითითებული სეგმენტის დაინტერესებისა და მოზიდვისათვის. ორმა მოპასუხე მხარემ სახალხო დამცველს აცნობა, რომ ბიჭებისათვის სტიპენდიის გამოცხადება ემსახურებოდა ფაქტობრივი თანასწორობის წახალისებას, რადგან 2017-18 სასწავლო წლის VIII კლასში, სადაც გამოცხადდა მიღება, სწავლობს 8 გოგონა და მხოლოდ 2 ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთის მშობელს მომართული ჰქონდა სხვა სკოლაში გადაყვანის შესახებ მოთხოვნით. სკოლის განმარტებით, ვინაიდან სკოლა მიმართული იყო თანასწორობის აღდგენისაკენ, შეიქმნა მსგავსი სტიპენდია, რათა მომხდარიყო მიმღებთა წახალისება, რაც ემსახურებოდა სქესთა შორის ბალანსის დაცვასა და VIII კლასში მყოფი ვაჟისათვის უმცირესობაში ყოფნის შედეგად შექმნილი დისკომფორტისა და დათრგუნვის აღმოფხვრას. აღსანიშნავია, რომ 2013-14 სასწავლო წლებში, სკოლას, დამატებითი კლასების შევსების მიზნით, გამოცხადებული ჰქონდა საგანმანათლებლო მომსახურების ფასდაკლების აქცია VI, VII და VIII კლასის სულ 12 მოსწავლისათვის, VII კლასის დაფინანსება მიემართებოდა მხოლოდ გოგონებს, ხოლო VI და VIII კლასებში – გოგონებსა და ბიჭებს“ – ნათქვამია განცხადებაში. 
დღეს, სახალხო დამცველის ადმინისტრაციამ შპს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის” რეკომენდაციები ოფიციალურად გამოაქვეყნა.
თუმცა, აღნიშნული რეკომენდაციები ობმუდსმენმა სასწავლებელს 2018 წლის 6 თებერვალს გაუგზავნა. სახალხო დამცველი რეკომენდაციებში აღნიშნავს, რომ შპს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში” მხოლოდ ბიჭებისთვის სტიპენდიის დაწესება, სქესთა შორის ბალანსის დარღვევაა.
საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა შპს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელს,“ რომ სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადებისას, დაიცვას თანასწორობის პრინციპი და შეიმუშაოს სპეციალური დებულება სტიპენდიის მიღების წესისა და მიმღებ პირთა განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული რეკომენდაცია ომბუდსმენმა შპს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელს“ 6 თებერვალს გაუგზავნა.
კავშირ „საფარის“ განცხადების თანახმად,” იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა” 2017-2018 წლისთვის დააწესა სტიპენდია მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის. აღნიშნული სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა კი არ აქვთ მე-8 კლასში გადამსვლელ გოგონებს.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სასტიპენდიო პროგრამის დანიშვნა, რომელიც სასწავლებლის არგუმენტით, ემსახურებოდა სქესთა შორის ბალანსის დაცვასა და მე-8 კლასში მყოფი ვაჟისათვის უმცირესობაში ყოფნის შედეგად შექმნილი დისკომფორტისა და დათრგუნვის აღმოფხვრას, თავისთავად წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპის კვლავწარმოებას და ხელს უწყობს გენდერულად უთანასწორო გარემოს შექმნას.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკისრება ვალდებულება, თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას თანაბარი პირობები დაფინანსების პროცესში, ხოლო გამონაკლისად, სტიპენდიის დაწესების დროს დაასაბუთოს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებული პირი ან პირთა ჯგუფი არის ეკონომიკური/სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით დაუცველი ან/და სხვაგვარად დისკრიმინირებული, ხოლო მეორე მხრივ, თუ რა შედეგი იქნება მიღწეული დროებითი ღონისძიების გამოყენების შედეგად და როგორ დაეხმარება სტიპენდია სამიზნე ჯგუფს.
სახალხო დამცველი მიესალმება საგანმანათლებლო დაწესებულებების სურვილს ფინანსურად დაეხმაროს და წაახალისოს მოსწავლეები, თუმცა, აუცილებელია არსებობდეს ნათლად გაწერილი შეფასების კრიტერიუმი თუ ვისთვის უნდა გამოიყოს სტიპენდია, რათა პრაქტიკამ არ გამოიწვიოს რომელიმე ჯგუფის არახელსაყრელ, არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება და გაუმართლებლად არ გამოირიცხოს საჭიროების მქონე სხვა პირები დაფინანსების მიმღებ პირთა წრიდან.
რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პოზიტიური ღონისძიებების განხორციელება, რიგ შემთხვევებში, შეიძლება უთანასწორობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდეს, თუმცა მსგავსი ზომები უნდა გატარდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტის გათვალისწინებით და არ იწვევდეს სხვათა თანასწორობის უფლების შელახვას“ – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები