არჩილ თალაკვაძე: კახა კალაძის გადაწყვეტილება როგორც ურბანული, ასევე მწვანე თვალსაზრისით სწორია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებებს დადებითად აფასებს. თალაკვაძე დედაქალაქის მერის დღევანდელ ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კახა კალაძის გადაწყვეტილებები როგორც ურბანული, ასევე მწვანე თვალსაზრისით სწორია. „სულ რაღაც 33 სიტყვა თბილისის ეკოლოგიურად სუფთა მომავალზე: თბილისში ყველა ახალი მშენებლობის პროექტი შესათანხმებელი იქნება ტრანსპორტის, ასევე ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურებთან, ხოლო K3 კოეფიციენტით დაინტერესებულმა კომპანიამ საკუთარ პროექტს დენდროლოგიური გეგმაც უნდა დაურთოს. ეს წესი ეხება როგორც კერძო კომპანიებს, ასევე სახელმწიფო პროექტებს. რომ დავთვალოთ, მარტივი, 33 სიტყვისგან შემდგარი გადაწყვეტილებაა – თუმცა, სწორედ ამას ითხოვდა მოსახლეობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მომავალი მერისგან. კახა კალაძის ეს გადაწყვეტილება როგორც ურბანული, ასევე მწვანე თვალსაზრისით სწორია. ნებისმიერი, ახალი მრავალსართულიანი შენობა ცვლის ქალაქის იმ უბანში არსებულ სიტუაციას – ცვლის გზაზე დატვირთვას, გამწვანებას, მოთხოვნას საჯარო სერვისებზე, ელექტროენერგიაზე, სკოლებსა და ბაღებზე – ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი, მშენებლობის დაწყებამდე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ტრანსპორტისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო ხდება.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დაამტკიცეს 50 ჯიშის ხე, რომლითაც თბილისი გამწვანდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები