ნუკრი ქანთარია: შვილს რომ მოგიკლავენ, ამაზე საშინელი რა უნდა იყოს

„ასეთ დროს განზე არც საზოგადოება უნდა გადგეს. ჩვენი ვალდებულებაა საგანგებო, დაუყოვნებელი და გადამჭრელი ქმედების განხორციელება“ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „კვირასთან“ საუბრისას დიღომში მომხდარ დანაშაულს, სადაც დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს.
დეპუტატი მომხდარ ფაქტს შემზარავს უწოდებს და იმედოვნებს, რომ დამნაშავე, რომელმაც ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, დროულად იქნება დაპატიმრებული.
„კრიმინალი გაზრდილი იმდენად არ არის, რამდენადაც იმატა სისასტიკით ჩადენილმა დანაშაულებებმა, რაც განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სხვა უწყებების მხრიდან და მთლიანად ხელისუფლებისგან. ასეთ დროს განზე არც საზოგადოება უნდა გადგეს. ჩვენი ვალდებულებაა საგანგებო, დაუყოვნებელი და გადამჭრელი ქმედების განხორციელება. რაც შეეხება დოდო გუგეშაშვილის ოჯახში მომხდარ უმძიმეს ფაქტს, ის არის ტერიტორიული მთლიანობისთვის თაგანწირული მებრძოლი, ამავე დროს. თუ რამე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ამისთვის მან სასჯელიც მოიხადა. ვიზიარებ მწუხარებას მისი ვაჟის დაღუპვის გამო. იმედს გამოვთქვავ, რომ დამნაშავე მალევე იქნება დაკავებული და სათანადოდ დასჯილი. დროული და ეფექტური გამოძიება დაადგენს მკვლელობის მიზეზს. იმედია, დოდო გუგეშაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება, თუმცა შვილს რომ ჩაგიკლავენ, ამაზე საშინელი რა უნდა იყოს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
დეპუტატმა განვლილი წლებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ დოდო ადრე ისეთ ვითარებაში მოხვდა, შეეძლო მილიონები მიეტაცებინა და შერჩენოდა, რაც ზოგიერთმა მოახერხა კიდეც, მაგრამ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და მუდმივად ფინანსურ გაჭირვებას განიცდიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები