მამუკა ჭელიძე: მკვლელი, სავარაუდოდ, დოდო გუგეშაშვილის ოჯახის წევრებს იცნობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მკვლელი, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს იცნობდა. მისივე ინფორმაციით, ამის თქმის საფუძველს შემთხვევის ადგილი და ოპერატიული ანალიზი იძლევა.
„შემთხვევის ადგილის პირველადი მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ მკვლელი, სავარაუდოდ, იცნობდა ოჯახის წევრებს. ამის თქმის საფუძველს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ოპერატიული ანალიზი გვაძლევს. ჭრილობები, სავარაუდოდ, მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღით“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფაქტი დოდო გუგეშაშვილის სახლში, დიღმის მასივში მოხდა. გარდაცვლილია მისი 33 წლის შვილი. მომხდარის დეტალების შესახებ ამ დროისთვის არ არის ცნობილი. შსს-ს ინფორმაციით კი, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, 1958 წელს დაბადებულ დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. ნ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები