„ვხსნით ჩვენს საკუთარ ქართულ უნივერსიტეტს და ამით ხელახლა ვნასკვავთ ჩვენი ძველი კულტურის შეწყვეტილ ძაფს“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეოდ, უნივერსიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება მწერლისა და მთარგმნელის, „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულად მთარგმნელის,  ელისაბედ ორბელიანის სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა 1918 წელს, უნივერსიტეტის გახსნისას.

„ბატონებო! დიდი მღელვარებით აღსავსე გამოვდივარ თქვენ წინაშე, რადგანაც გათვალისწინებული მაქვს ამ წუთის სიდიადე და განსაკუთრებულად ვაფასებ იმ პატივს, რომელიც წილად მხვდა მე.
ვხსნით ჩვენს საკუთარ ქართულ უნივერსიტეტს და ამით ხელახლა ვნასკვავთ ჩვენი ძველი კულტურის შეწყვეტილ ძაფს.
აღმოსავლეთის მზეზე გაბრწყინებული კულტურა უფრო მშვენიერდება დასავლეთის აზროვნებასთან დაახლოებით. ევროპა გვიცნობდა და ჩვენ მას ვუყვარვართ. ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში რომი გვიგზავნიდა მისიონერებს. მე-15 საუკუნეში ჩვენ ვუახლოვდებით საფრანგეთს… უკანასკნელმა ასმა წელმა ძალაუნებურად დაგვაშორა საფრანგეთის აზროვნების თავისუფალ აღორძინებას. ახლა საჭიროა დაკარგული დროის მოგებაც.
ბედნიერად ვთვლი ჩემ თავს, რომ მოვალეობად მარგუნეს, თქვენ ფრანგული შეგასწავლოთ, რათა ენის საშუალებით გაეცნოთ, იგემოთ მისი გენიოსების ნაწერები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საფრანგეთის 1789 წლის წყალობითაა, რომ 1918 წელს გვაქვს თავისუფალი ქართული უნივერსიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აზრი თქვენც გიწინამძღვრებთ და აღგაფრთოვანებთ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები