ლევან მაჭავარიანი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობაა.
„ეს თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობაა. სამწუხაროდ, „იმედის“ შემთხვევაში ეს პირველი მცდელობა არ არის. ჩვენ 2007 წელს ვიხილეთ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა როგორ ცდილობდა „იმედის“ გაჩუმებას მიხეილ სააკაშვილის ხელით და ეს ამ ყველაფრის გაგრძელებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, არც „იმედი“ და არც „პოსტვ“ ამის გამო არ გააჩერებენ სიმართლეზე საუბარს და ისინი გაორმაგებული ძალებით შეეცდებიან, რომ ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული ამყოფოს. მაგალითებია მოყვანილი, თუ რის გამო დასანქცირდნენ ეს ტელევიზიები. რასაც გადავხედე, ყველაფერი, რაც იქ, წერია სიმართლეა. შესაბამისად, გამოდის, რომ ისინი ტელევიზიებს სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ, რაც ყოვლად მიუღებელი და ფაშისტური მიდგომაა. თუმცა, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ხელში ეს ყველაფერი მოულოდნელი არ არის, ვინაიდან მათ სჭირდებათ მართული მედია, რომელიც იმ ნარატივს გაატარებს, რა ნარატივიც მათ აწყობთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.