პაპუაშვილი – ტაჯიკეთის ელჩთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით
“საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილხომ აბდურახმონს შევხვდი”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს.
“მადლიერება გამოვხატე ტაჯიკეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. ყურადღება გავამახვილეთ საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეთა ვიზიტების ორგანიზებისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით.
საუბარი, აგრეთვე, შეეხო ეკონომიკისა და ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში პოტენციალის უკეთ გამოყენების მნიშვნელობას.
ტაჯიკეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა კულტურულ კავშირებზე. მან მაცნობა, რომ ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმა იგეგმება.
ასევე, განვიხილეთ შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა, რათა შესაძლებელი გახდეს ცენტრალური აზიის რეგიონთან ვაჭრობის გაფართოება”, – წერს პაპუაშვილი.