“გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შეიძლებოდა, გაეკეთებინა უკრაინის დასახმარებლად ოკუპაციის ქვეშ მყოფ ქვეყანას” – მახაშვილი

“ჩვენი პოლიტიკა მკაფიოა – გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შეიძლებოდა, გაეკეთებინა ოკუპაციის ქვეშ მყოფ ქვეყანას უკრაინისა და უკრაინელების დასახმარებლად, მათი გვერდში დგომისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

კერძოდ, მან საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი სტატია შეაფასა, რომელშიც ნათქვამია: “მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას”.

„სანქციებზე მიერთებაზე ნებისმიერი საუბარი ან მოწოდება წმინდა წყლის სპეკულაციაა და უადგილოა, მით უმეტეს, ამ ელჩებისგან, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, რა კონტექსტია საქართველოში, რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო და რა სიმძიმე გაიარა ოთხი წლის განმავლობაში, რომ რუსეთის სამხედრო ხახაში არ აღმოჩენილიყო. დასანანია, რომ ეს ელჩები აღნიშნულ თემაზე სპეკულირებენ. ჩვენთვის სანქციების დაწესება უბრალოდ ეკონომიკური აქტი არ არის, რიგითი გადაწყვეტილება. ჩვენი ათწლეულების გამოცდილების გათვალისწინებით სანქცია პირდაპირ ესკალაციაზე წასვლაა. ფაქტობრივად, ეს არის ეკონომიკური ომის გამოცხადება რუსეთისთვის. ასეთმა მავნებლურმა გადაწყვეტილებამ რა მოიტანა, წარსულში გვახსოვს. ჩვენ არ გვინდა, რომ გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩათრეული აღმოვჩნდეთ. ამიტომ, რამდენადაც შეგვიძლია, უკრაინელებს მხარს ვუჭერთ და მეორეს მხრივ, ამოსავალი წერტილია, რომ ეს ნაბიჯები ისეთ შედეგებში არ გადაიზარდოს, რომელიც შეუძლებელი იქნება, რომ უკან მოვაბრუნოთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები