გადარჩენილი სიცოცხლე და 3 წლის გოგონას მამის ემოციური მადლობა – რა მოხდა იაშვილის კლინიკაში

„დღეს დასრულდა ისტორია, რომელიც ოთხი თვის წინ დაიწყო. ისტორია, რომლის განცდას მტერსაც არ ვუსურვებ…“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში 3 წლის ელენეს მამა, გიორგი ეზუგბაია ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„ალბათ ყველამ იცით, თუ როგორ გვანერვიულა ნატალიამ ოქტომბერში. თითქოს ჩვეულებრივი გაციება, უცბად გადაიზარდა ორმხრივ ფილტვების ანთებაში, პლევრიტით. 9 ოქტომბერს გადავიღეთ რენტგენი და პასუხი იმდენად საგანგაშო იყო, რომ სასწრაფოდ რეანომობილით გადაგვიყვანეს იაშვილის კლინიკაში, სადაც უკვე დაწყებული ჰქონდათ მზადება პირველი ქირურგიული მანიპულაციის, პლევრის დრენირების გასაკეთებლად. როგორც შემდგომში გვითხრეს, დრენაჟის დაყენება იდეალურად განახორციელა ქირურგმა იური ნადირაშვილმა. 
მიუხედავად ამისა, ბავშვის მდგომარეობა საათობრივად უარესდებოდა, ვინაიდან ორგანიზმი, ფაქტობრივად, არ ებრძოდა ინფექციას. ნატალია მოათავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც გადაიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში და მიაერთეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ასეთ მდგომარეობაში ნატალიამ სრული ორი კვირა გაატარა. პარალელურად, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, გადაწყდა თოროკოსკოპიის გაკეთება, ანუ გულ-მკერდის არეში ნეკნებიდან შესვლა და პლევრის გასუფთავება ჩირქისგან. ამ ოპერაციის გარეშე, ნატალიას გადარჩენის შანსი თეორიულადაც არ არსებობდა. როგორც აგვიხსნეს, ეს ოპერაცია სულ ერთი წელია, რაც საქართველოში დაინერგა. მდგომარეობა რომ მძიმე იყო, ამის მიხვედრას ექიმის კვალიფიკაცია არ სჭირდებოდა. ექიმების სახეზე ვატყობდი იმ ნერვიულობას, რასაც ისინი განიცდიდნენ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. დილით ჩანიშნული ოპერაცია ქირურგებმა ვერ დაიწყეს 15.00 საათამდე. ნატალიას დაქვეითებული ჰქონდა სისხლის შედედების ფუნქცია და პატარა ჭრილობასაც შეეძლო გამოეწვია სისხლისგან ორგანიზმის დაცლა. უამისოდაც რთული მდგომარეობა იყო, ვინაიდან ცალი ფილტვის მხოლოდ მესამედი იღებდა სუნთქვაში მონაწილეობას, ხოლო მარჯვენა ფილტვი იმდენად დაზიანებული იყო, რომ არსებობდა მისი ამოჭრის აუცილებლობის ალბათობაც, თუ ქსოვილი ვერ გაუძლებდა ოპერაციას. როგორც ექიმებმა მითხრეს, მსგავსი სირთულის პაციენტი წლებია აღარ ჰყოლიათ, არადა ყველა პაციენტი სასუნთქი გზების გართულებებით სწორედ იაშვილის კლინიკაში ხვდება. ოპერაცია ჩაატარა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა. რომ არა უფლის ნება და ბატონი ლევანის ხელები, წარმოდგენაც კი რთულია, თუ რა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო. ფაქტობრივად, მოსალოდნელი იყო ნებისმიერი შედეგი. არავინ გამორიცხავდა ოპერაციის უარყოფით შედეგს, ისევე, როგორც მცირე იყო იმედი მარჯვენა ფილტვის გადარჩენისა. ფაქტობრივად, ფილტვის შენარჩუნებაზე ფიქრიც არ იყო მთავარი, მთავარი სიცოცხლის შენარჩუნება იყო. ბატონი ლევანისა და მთლიანად იაშვილის კლინიკის პერსონალის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულეს. ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს და მიიღეს მაქსიმალური შედეგი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ლევან ხარაშვილის ხელში ნატალია მეორედ დაიბადა. ოპერაციამ უარყოფითი დინამიკა შეაჩერა და მდგომარეობა დაასტაბილურა. თუმცა, ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ოპერაციიდან ათი დღე ნატალია კომატოზურ მდგომარეობაში იყო, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული, წნევის დარეგულირება ხდებოდა ინოტროპული მხარდაჭერით და გარკვეულ პერიოდებში ერთდროულად ორგანიზმში თორმეტი სხვადასხვა ინექცია შეჰყავდათ. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ორი კვირის თავზე ნატალია გონზე მოვიდა. ამისთვის უღრმესი მადლობა ეკუთვნით იაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგებს ბატონ დავით ფულარიანს და ქალბატონ მაია ფეიქრიშვილს, ასევე სხვა ექიმებს, რომელთა სახელები არ ვიცი. მათი ყოველდღიური, 24 საათიანი ზრუნვა და მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მთელი პროცესის წარმატებულად წარმართვისთვის.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ყურადღება და პირველ რიგში პროფესიონალიზმი, რომელიც დავინახეთ იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ბატონი ივანე ჩხაიძის მხრიდან. ფაქტობრივად, პირველი დღიდან ბოლო დღემდე ნატალია იყო მის პირად კონტროლზე აყვანილი, ყოველ დილით სამუშაო დღის დაგეგმვა კონფერენციაზე ხდებოდა ნატალიას საკითხის განხილვით და თვითონაც არაერთხელ შეგვხვდა, პირადად დაწვრილებით აგვიხსნა შექმნილი ვითარება და მათი მოქმედებების სტრატეგიაც, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი მას.
ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო იაშვილის კლინიკის სპიკერს ლიკა ბაძაღუას. თითქმის მთელი თვე, ყოველ დილით 9 საათიდან ატუზული ვიყავი მის კაბინეტთან და ველოდი ინფორმაციას, თუ რა ითქვა კონფერენციაზე და რა განწყობა ჰქონდათ ექიმებს ნატალიას მდგომარეობის მიმართ. ისიც შესაშური მოთმინებითა და ყურადღებით ცდილობდა მაქსიმალური ინფორმაცია მოეწოდებინა და ვენუგეშებინეთ.
მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მთლიანად იაშვილის კლინიკის კოლექტივს, თითოეულ ადამიანს, რომლის წვლილიც არის ჩადებული იმაში, რომ შესაძლებელია საქართველოში ასეთი მძიმე შემთხვევების მკურნალობა. არ დავმალავ, პირველივე დღიდან ახლობლები მიკიჟინებდნენ, რომ წამეყვანა ნატალია საზღვარგარეთ. თურქეთის კლინიკიდანაც გვქონდა შემოთავაზება, რომ მზად იყვნენ ნატალიას მისაღებად. თუმცა, მე პირადად ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული ქართველი ექიმების პროფესიონალიზმში და მჯეროდა, რომ უფლის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ, რომ არ გამიწბილეს იმედი.
ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ჩემი და ნინოს ყველა ახლობელს, მეგობარს, ნათესავს, თანამშრომელსა და ნაცნობს, ვინც ჩვენი ოჯახის მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა და გვერდში დაგვიდგა. ჩამოთვლას არ დავიწყებ, იმდენად დიდია თქვენი რაოდენობა.
აქვე მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო იმ სასულიერო პირების მიმართ, რომლებიც გვერდში გვედგნენ და თავიანთი ლოცვით გვეხმარებოდნენ ამ მძიმე მდგომარეობაში. დიდი მადლობა მამა გაბრიელს, მამა ეფრემს, მამა ბენიამინს, მამა ექვთიმეს, მამა ტარიელს, მამა ბასილსა და სხვებს.
კინაღამ ისტორიის დასრულება დამავიწყდა.
დღეს საბოლოო რენტგენი გადავუღეთ და ნატალიას ფილტვები სრულად გამოჯანმრთელდა, სრულად გაიშალა და დაუბრუნდა ავადმყოფობამდე არსებულ, ჯანმრთელ მდგომარეობას. ბატონმა ლევან ხარაშვილმა კი საბოლოო დასკვნა გაგვაცნო:
„დღეიდან ჩემგან თავისუფლები ხართ და დაუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს!“ – წერს სოციალურ ქსელში პაციენტის მამა გიორგი ეზუგბაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები