საზმაუს სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი: ვინც შეცდომა დაუშვა, თანხა იმან დააბრუნოს, მე შეცდომა არ დამიშვია

ჩემი ამოცანა იყო, რომ კიდევ ერთხელ მომეყოლა მათთვის ჩემს მიერ გაწეული შრომის შესახებ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილმა წევრმა ლელა გაფრინდაშვილმა საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მან საბჭოს წევრებს წარუდგინა ანგარიში, რაც მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ გამოაქვეყნა.

გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლევაზე მუშაობდა და ვარაუდობდა, რომ ჰონორარი სწორედ ამ საქმის გამო ერიცხებოდა.

„ჩემს მიმართ შეკითხვები მოხსნილია, იმიტომ, რომ მე ავხსენი ყველაფერი, რა და როგორ იყო, თუ რატომ ჩავთვალე, რომ ეს გადმორიცხვა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებდა, იყო სწორედ ჩემი სამუშაოსთვის. მე მათ ვუთხარი, რომ როგორც ამ სამუშაოს დაწყებამდე, ასევე დაწყების შემდეგ, ჩემი მუშაობის დასრულების შემდეგაც ვხვდებოდი უამრავ ადამიანს, მქონდა მიმოწერა, შეკითხვები და ა.შ. უამრავი ადამიანი დაადასტურებს, რომ მე ამ კვლევაზე ვმუშაობდი“, – განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, მან აღნიშნული სამუშაოს შესრულება 2015 წელს დაიწყო, როცა ჯერ კიდევ საბჭოს წევრი იყო, ხოლო როდესაც უფლებამოსილება შეუწყდა, საბჭოს იმდროინდელმა წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მას ამ იდეაზე მუშაობა გაეგრძელებინა.

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს ახალ წევრებს, ლელა გაფრინდაშვილის ინფორმაციით, მათთან ჰქონდა შეხვედრა.

თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად, ლელა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ვინც შეცდომა დაუშვა, თანხა იმან უნდა დააბრუნოს.

„ვინც შეცდომა დაუშვა, თანხა იმან დააბრუნოს. მე შეცდომა არ დამიშვია“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ბუღალტერიც ესწრებოდა.

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრი ლელა გაფრინდაშვილი 5 თვის განმავლობაში ზედმეტ ჰონორარს უსაფუძვლოდ იღებდა იმ დროს, როდესაც მაუწყებელში საერთოდ აღარ მუშაობდა.

თანხამ, ჯამში, 12 800 ლარი შეადგინა, რომელიც აუდიტის ცნობით, უკან დაბრუნებას ექვემდებარება. სახელმწიფო აუდიტმა ჰონორარის მიღების ფაქტზე პროკურატურას შესაბამისი დოკუმენტაციით უკვე მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები