იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი: ანა დოლიძე ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს

ანა დოლიძის დღევანდელი განცხადებები, თუნდაც გუშინდელი, დემაგოგიის კლასიკური ნიმუშია – ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის მიერ გაკეთებული განცხადებები.

ლევან თევზაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს წინადადებით, არამოსამართლე წევრებზე გარკვეული ტიპის ეთიკის ნორმები გაავრცელოს.

„ნაცვლად იმისა, რომ ანა დოლიძემ იზრუნოს სასამართლოს ავტორიტეტზე, იგი მიზანმიმართულად და ცილისმწამებლურად ავრცელებს ამ ტიპის განცხადებებს. ვფიქრობ, რომ მისი სურვილი და ის ეჭვები, რომ სასამართლო სისტემა, საბჭოს საქმიანობა გადასულიყო პოლიტიკურ ჭრილში, მართლდება. თუმცა, ჩვენ არ ავყვებით მსგავსი ტიპის პროვოკაციას“ – ამბობს თევზაძე.

მისი თქმით, ანა დოლიძე ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს.

„ისეთ ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. ეს არის არაეთიკური და აბსოლუტურად მიუღებელი. სამწუხაროა, რომ ეთიკის ნორმები არ ვრცელდება უშუალოდ არამოსამართლე წევრებზე. პარლამენტმაც უნდა იფიქროს აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ დავაყენებთ ამ საკითხს პარლამენტში, რომ ეთიკის ნორმები გავრცელდეს უშუალოდ არამოსამართლე წევრებზეც, რადგანაც ისინი აბსოლუტურად განუსაზღვრელი უფლებით სარგებლობენ. ანა დოლიძის განცხადებები მოსამართლეებზე არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი. მე არასდროს ვიტყვი, ეს იმის ნარჩენია და ასე შემდეგ”, – განაცხადა ლევან თევზაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ დღეს განაცხადა, რომ „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ, სასამართლოში საკუთარი გავლენა შეინარჩუნონ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები