ანა დოლიძე: გასაუბრებისას უვადო მოსამართლეობის კანდიდატები იგრძნობენ, რომ საკუთარი სინდისის წინაშე არიან ვალდებულნი
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ უვადო მოსამართლედ განმწესების მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ გასაუბრების ეტაპზე, უვადო მოსამართლეობის კანდიდატები იგრძნობენ, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი სინდისის წინაშე არიან ვალდებულები.
მისივე თქმით, დღეს გადამწყვეტი ბრძოლაა ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან, რომ მათ სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლება და კონტროლი შეინარჩუნონ.
”დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან, რომ მათ სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლება და კონტროლი შეინარჩუნონ, მე მათ კლანსაც ვერ ვუწოდებ. გასაუბრების ამ ეტაპის მთლიანი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსამართლეებმა იგრძნონ, რომ ისინი არავის წინაშე დავალებულები არ არიან და შესაბამისად, ანგარიშვალდებულნი არიან საკუთარი სინდისის წინაშე. ვფიქრობ, სწორედ ამისთვის გაიმართება ბრძოლა მომავალი 3 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭოში გასაუბრების ეტაპი უკვე დაიწყო. 17 კანდიდატის დღევანდელი სია ასე გამოიყურება: ლილი მსხილაძე, ლია ავალიშვილი, მიხეილ ბებიაშვილი, დიანა ბერეკაშვილი, ხათუნა ბოლქვაძე, ლევან გვარამია, გოდერძი გიორგიშვილი, გიორგი გოგინაშვილი, გურამ გოცირიძე, კობა გოცირიძე, შორენა გუნცაძე, ნათია გუჯაბიძე, ნონა ზარქუა, ირინა ზარქუა, დალი აბჟანდაძე, მანუჩარ კაპანაძე და დავით კეკენაძე. უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასაუბრებას 6-დან 8 თებერვლის ჩათვლით გაივლის.