მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა

დღეიდან მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოეწურა – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ „ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა.
სასამართლოს განჩინების თანახმად, 6 თებერვლის ღამეს, მიხეილ სააკაშვილს აღმკვეთი ღონისძიება გაუუქმდა.

„მიხეილ სააკაშვილს ბრალი პროკურატურამ 5 დეკემბერს წაუყენა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადა 6 თებერვლის ღამეს იწურება და აღკვეთის ღონისძიება ავტომატურად უქმდება. ამის შემდეგ სააკაშვილის მიმართ არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს, გარდა იმისა, რომ მან, როგორც ეჭვმიტანილმა, უნდა მიიღოს უწყებები და გამოცხადდეს საგამოძიებო მოქმედებებზე“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს და წარმოადგინოს არგუმენტები და მიზეზები, თუ რატომ დაირღვა აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების შუამდგომლობის ვადები.

ჩერნოლუცკის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს ხელისუფლების სურვილს, „გაასუფთაოს“ პოლიტიკოსის სტატუსი და საქართველოში მისი ექსტრადიცია მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები