სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთში მყოფ სამხედროებს წერილები გაუგზავნეს

პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, სკოლის მოსწავლეებთან სტუმრად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცერნტრის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
177-ე საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეების სახელზე წერილები მოამზადეს. ბავშვებმა წერილები შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს პირადად გადასცეს. სამხედროებმა ბავშვებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ქართველი ჯარისკაცების როლზე ესაუბრნენ.
მათ სკოლის აღსაზრდელებს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ ჩატარებული ჰუმანიტარული მისიებიც გააცნეს. მოგვიანებით, მოზარდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მიმდინარე ეტაპზე, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 177-ე სკოლის მოსწავლეების გზავნილებთან ერთად საქართველოს 11 ქალაქის 42 საჯარო სკოლიდან 2000 წერილი იგზავნება.
„წერილები ჯარისკაცებს“ საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სწერენ.
საპასუხო წერილებს ბავშვებს ჯარისკაცებიც უგზავნიან.
პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები