აზარტს შეწირული ოჯახები, რეალური ტრაგედიები, თამაში და ღირსება – პრობლემა საქართველოში

ხშირად, აზარტული თამაშებით დაწყებული ადრენალი თვითმკვლელობის მცდელობით ან თვითმკვლელობით სრულდება.
საზოგადოებაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ონლაინ და აზარტული თამაშებით მიღებული სიამოვნებით გამოწვეული აურაცხელი პრობლემა დიდ „თაიგულად“ გვევლინება, რომლის გზაც ჯერ ოჯახის წევრებთან გაუცხოებით იწყება, შემდეგ მეგობრებთან დაშორებით, მარტო დარჩენილი კი გამოსავალს სამყაროს დასასრულში ხედავს და თვითმკვლელობას ირჩევს.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად: 2016 წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის 544 ფაქტი დაფიქსირდა, გახსნილია მხოლოდ – 6.

2017 წელს კი, თვითმკვლობამდე მიყვანის 667 ფაქტიდან, გამოძიებამ მხოლოდ 7 შემთხვევა გახსნა. შესაბამისად, დადგინდა მოტივიც. დანარჩენ შემთხვევაში უცნობია, თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი. ამასთან, შს სამინისტროს არ გააჩნია სტატისტიკა, თუ რა გახდა თვითმკვლელობამდე მიყვანის 13 გახსნილი ფაქტის მოტივი, თუ რატომ, ან ვინ მიიყვანა ეს ადამიანები თვითმკვლელობამდე. რადგან არ არსებობს სტატისტიკა, თუ ვისი ან რისი ბრალეულობით გახშირდა სუიციდის ფაქტები, ასევე არ არსებობს კონტროლის მექანიზმი.

ამ ტრაგედიას ერთმნიშვნელოვან ხაზად გასდევს მიკროსაფინანსოებისა და მსხვილი ბანკების როლი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს საქართველოში 74 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა. თითოეულ მათგანს წარმომადგენლობა აქვს სხვადასხვა რეგიონში. ეს ორგანიზაციები მოქალაქეებს სესხის ისეთ პირობებს სთავაზობენ, რომ საბოლოოდ, გადახდისუუნარონი ხდებიან.

ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახე დათო ფორჩხიძე, რომელსაც მეგობრები “ვივუსას“ ეძახიან, „კეთილშობილი ღიმილით“ ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეებს სესხის პირობებს სთავაზობდა. თუმცა, თავად ამ ორგანიზაციიდან 1 თეთრიც არ უსესხია. არადა, მის „კეთილ ღიმილს“ რამდენი მოქალაქე ემსხვერპლა, უცნობია. „არანაირ მორალურ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ არავის წინაშე, ვერც კი ვხვდები რა მორალური პასუხისმგებლობა უნდა მეგრძნო. არც მსურს მაგ თემაზე საუბარი. არც კი მაწუხებს. არც მიმაჩნია, რომ ვინმეს წინაშე დანაშაული ჩავიდინე. შენ ვინა ხარ? პირველი ადამიანი ხარ, რომელმაც ჩათვალა საჭიროდ, მორალზე მეკითხებოდეს. ის რომ, მე ვინმე გავაუბედურე. საერთოდ არ ვგრძნობ რაიმე სახით პასუხისმგებლობას. დასრულდა, აღარ ვარ მათი სახე. არ ვთვლი, რომ ვინმე დავღუპე, ან ვინმეს წინაშე მორალური პასუხისმგებლობა უნდა მქონდეს. არ მიმაჩნია, რომ ჩემი კეთილი ღიმილით ვინმეს გზა გავუმრუდე, ეს მიამიტური მიდგომა მგონია. ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იღებდნენ თანხას ეს ადამიანები, რომ მათ ეს სჭირდებოდათ და მე მათ ვაცნობდი სესხის პირობებს. საერთოდ არ ვგრძნობ რაიმე პასუხისმგებლობას, ერთი წლის განმავლობაში ერთ ადამიანსაც კი არ დაურეკავს ასეთი შეკითხვით. ეს იყო შეთანხმება, პირობებზე დავთანხმდი და ერთწლიანი კონტრაქტი დასრულდა“ – ამბობს ჯგუფ „სახეს“ ერთ-ერთი წევრი დათო ფორჩხიძე, რომელმაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სოლიდური თანხა მიიღო.

მიკროსაფინასო ორგანიზიები პირდაპირ კავშირში არიან ონლანთამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებთან. სწორედ ისინი სთავაზობენ მათ პრობლემის „გადაჭრას“ მაღალ პროცენტში. სტატისტიკურად დადგენილია, რომ აზარტულ და ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულების რისკ-ჯგუფები ქალებში 40-45 წლიდან, მამაკაცებში კი 27 წლიდან, ზემოთ შეინიშნება. „კვირა“ რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევას შემოგთავაზებთ, თუმცა, რედაქცია მათ ვინაობის არ ამხელს და სახელები შეცვლილია.
კახეთი
25 წლის მამუკა ოჯახის ერთადერთი შვილია. წარმატებული სტუდენტი იყო და მუშაობა მალე დაიწყო. ხელფასის სახით შემოსავალი გაუჩნდა და თამაში დაიწყო. თავდაპირველად 5-10 ლარიით მიიღო „სიამოვნება“. ცოტა მოგვიანებით თანხა გაზარდა და ონლაინ თამაშზე დამოკიდებული გახდა. ამ დამოკიდებულებას ნარკოტიკიც დაემატა. თავდაპირველი ადრენალინი მისმა ცნობიერებამ ვეღარ მართა და წააგო. თანხა საკმაოდ დიდი იყო. მიკროსაფინანსოდან სესხი აიღო. გადახდა ვერ შეძლო, შემდეგ ბანკს და ბოლოს მშობლებს მიმართა. ერთადერთი შვილის პრობლემის მოსაგვარებლად დედ-მამამ თანხის გადახდა დაიწყო. ეგონათ, ყველაფერი დასრულდა. თუმცა, მამუკამ ისევ ითამაშა და ამჯერად უკვე დიდი თანხა წააგო. ვერ გადაიხდიდა და დახმარებისთვის ისევ მშობლებს მიმართა. ოჯახში დაწყებული კონფლიქტი მამუკას თვითმკვლელობის მცდელობით დასრულდა. ამჟამად, იგი ლოგინს არის მიჯაჭვული. მშობლები შვილის გამოჯანმრთელებისთვის ფულს არ ზოგავენ, პარალელურად, ბანკის ვალებს იხდიან.
იმერეთი
28 წლის ნინოს თორნიკე შეუყვარდა. წყვილი საკუთარი სიყვარულით ისეთი ბედნიერი იყო, რომ მალე დაოჯახდნენ. ნინოს მხოლოდ დედა ჰყავს და ამიტომ დედასთან ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა ქალი დაორსულდა და შვილს ელოდებოდა, როდესაც 5-6 თვის ორსულს ნაწყოფი მოსწყდა. ასეთივე შედეგით დასრულდა მეორე შემთხვევაც. შეყვარებული ცოლ-ქმარი იმედს არ კარგავდა. ნინო მესამედ დაორსულდა, თუმცა, ისევ სავალალო შედეგი მიიღო. სახლში ჩაიკეტა. დეპრესიამ ჩაითრია. თორნიკე ყველაფერს აკეთებდა საყვარელი მეუღლისთვის, მაგრამ ნინომ დეპრესიას თავი ვერ დააღწია. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა ნინომ სხვა გზით სცადა, თუმცა სხვა პრობლემები დაემატა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დედამ ნინოს არაორდინალური ხასიათის ცვლილება შეამჩნია და შეიტყო, რომ ნინო ონლაინ თამაშებზე დამოკიდებული გახდა. სახლში მარტო დარჩენილმა ნინომ თამაში ჯერ 5 ლარით დაიწყო, შემდეგ 20 ლარით და ასე დაახლოებით 2000 ლარს მიუახლოვდა. მიკროსაფინანსოდან აღებულ სესხს ვეღარ იხდიდა და ეს არ იყო მხოლოდ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხი. დედამ სიძეს უთხრა და თანხის გადახდა მეუღლემ თავის თავზე აიღო. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობას მხოლოდ ოჯახის წევრები განიცდიდნენ, ნინო კი ჩადენილ ქმედებას არაფრად აგდებდა. არც თავს მიიჩნევდა რაიმე სახით დამნაშავედ.
თბილისი
მადონა და კახა ორი შვილის მშობლები არიან. ორივეს სამსახური ჰქონდა. შვილებს სკოლაში მიაცილებდნენ და სამსახურში მიდიოდნენ. დღის ბოლოს ოჯახის წევრები ისევ ერთად იკრიბებოდნენ. კახას მეგობრები ჰყავდა, ისინი ნარკოტიკზე იყვნენ დამოკიდებულები, თუმცა კახა ნარკოტიკზე დამოკიდებული არ გახდა. სამაგიეროდ, მან ონლაინ თამაში აირჩია და მასზე დამოკიდებული გახდა. კახამ დაგვიანებები დაიწყო. თავდაპირველად მეგობრებს იმიზეზებდა – ქეიფს და დროს ტარებას. მოგვიანებით კი, როდესაც მადონამ პირად ტელეფონზე დაურეკა, აღარ უპასუხა. სახლში მისულმა ცოლს მოატყუა, რომ ტელეფონი დაკარგა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ლომბარდიდან სახლში დარეკეს და კახას ვალს ითხოვდნენ. მადონამ ქმრის ახალი „გატაცების“ შესახებ მისი მეგობრებისგან შეიტყო. კახამ ონლაინთამაშით დიდი თანხა წააგო. რამდენიმე ბანკში სესხი ჰქონდა. პარალელურად, მიკროსაფინანსოები „ახრჩობდნენ“. ოჯახში ბზარი გაჩნდა. გაუცხოება დაიწყო. მორიგი კონფლიქტის შემდეგ, კახა სახლიდან წავიდა. ვალების გასასტუმრებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა. 2 შვილით დარჩენილი მადონა ქმარს ელოდა. კახა სახლში 7 თვის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ რაც იქ მუშაობის დროს დააგროვა, იმით არსებული ვალები გაისტუმრა და ახალი ვალი დაიდო. ისევ ითამაშა და წააგო. დღეს ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. 2 შვილს დედა ზრდის. კახა ვალებს იხდის. დღეები, კვირები ისე მიდის, რომ მამა შვილების მდგომარეობას არ კითხულობს.
სხვისი ფული
როდესაც ადამიანი ჩვეულებრივ მდგომარეობაშია, მას მორალი კარნახობს, რომ რაღაც არ უნდა გააკეთო. ვიცით, რომ არ უნდა ავიღოთ სხვისი ფული, ვიცით, რომ არ უნდა შევიდეთ კაზინოში და ხელფასის ბოლო თეთრი არ უნდა დავხარჯოთ ანუ ბუნებრივ, ჯანსაღი ცნობიერების ადამიანს მორალი აკონტროლებს. ასეთ ადამიანებში რაც არ უნდა დიდი სურვილი იყოს, შემაკავებელი ფაქტორები მოქმედებს. ფიზიოლოგები ამბობენ, რომ ასეთ დროს ტვინის გარკვეული უბნების აქტივაცია ხდება, რასაც ტვინი აკავებს ან აკონტროლებს. თამაშზე დამოკიდებულების შემთხვევაში კი, ტვინის უჯრედები არ აქტიურდება. მათ შემთხვევაში მოთხოვნის კონტროლი აღარ არსებობს და უნდა მიიღო, რაც გინდა. ფსიქოლოგების ინფორმაციით, მოთამაშეებში ძალიან ხშირია, როდესაც გარკვეულ თანხებს გადასცდებიან, იწყებენ სხვა იოლ გზებს ფულის მოპოვებისთვის. როდესაც დიდ თანხაზეა საუბარი, სამსახურში მუშაობის უნარს კარგავენ. აღარ ვარგა ეს ადამიანი, როგორც პროფესიონალი და სამსახურიდან უშვებენ. ამ დროს, ისინი ამ ფულის ძებნის საშუალებად კრიმინალურ დანაშაულს იყენებენ.
რა ხდება აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულთა ფსიქიკაში, _ არიან ისინი ავადმყოფები თუ თუ მათი „გართობა“ დამოკიდებულებაში გადადის – ამ კითხვით ფსიქოლოგ ირინა ტაბუციძეს მივმართეთ. ფსიქოლოგიური პრობლემების ერთ-ერთი კომპონენტია სხვადასხვა სახის დამოკიდებულებები. 
  მათ შორის ერთ-ერთია აზარტული თამაშები, რომლების თანმდევი სხვადასხვა დამოკიდებულებაც ჩნდება. კერძოდ, – ალკოჰოლი, ნარკოტიკი ან სხვა სახის დამოკიდებულება. ხშირია შემთხვევები, როდესაც დეპრესიის ფონზე მიდის ეს ყველაფერი და ასეთი ადამიანები ხშირად აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები ხდებიან. ქალებისაგან განსხვავებით, კაცებში დეპრესიის დადგენა ძალიან რთულია. იმდენად სუსტია ამ დროს ადამიანის ფსიქიკა, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი მაპროვოცირებული პატარა მიზეზიც კი, ძალიან ძლიერი ბიძგის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამის გათვლა წინასწარ ძალიან ძნელია და სავალალო შედეგამდე მიდის. არის შემთხვევები, რომ ისინი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ.
ირინა ტაბუციძე აზარტულ თამაშზე დამოკიდებული ადამიანების ფსქოლოგიურ პორტრეტს გვთავაზობს.
1 –ცვლილება თვითშეფასების, ანუ ხშირია ნარცისიზმის შემთხვევა, საკუთარი თავის უპირატესობისა და შეყვარების მომენტი დგება, რადგან ის ფიქრობს, რომ არის ყველაზე დაუძლეველი, ყველაზე მაგარი და აუცილებლად გაუმართლებს, როცა თამაშობს.
2- ცვლილებები ჩნდება პიროვნებებს შორის ურთიერთობაში. რაც გულისხმობს, რომ გაუცხოება ხდება იმ გარემოსგან, სადაც არიან. ჯერ იწყება ოჯახთან გაუცხოება, შინაურულ წრეში, მერე სამსახურში მათ მიმართ ნდობა იკარგება და უპასუხისმგებლოები ხდებიან, საკუთარი პრობლემების მოგვარებას უფრო მეტ დროს ანდომებენ, ვიდრე იმ სამუშაოს, სადაც მუშაობენ. რის შედეგადაც ხშირად უსამსახუროდ რჩებიან. ნელ-ნელა ვიწროვდება მათი საკონტაქტო არეალი, მეგობრებსაც კარგავენ და მარტო რჩებიან ამ თამაშებთან. განსაკუთრებით ოჯახთან რჩება ბზარი, გარდა იმ ფინანსური პრობლემებისა, ოჯახის წევრები ხედავენ, რომ მათი ოჯახის წევრი რეალურ სამყაროს არის მოწყვეტილი და სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობს. ყველაზე მეტად ამ დროს „სახლთან გაშორების“ ინსტინქტი ამოძრავებთ. ამ ყველაფერში იკვეთება კიდევ ერთი ფაქტორი – განსაკუთრებით ცუდი ურთიერთობა ყალიბდება მამასთან. ეს განსაკუთრებით ბიჭების შემთხვევაში ხდება. უფრო ხაზგასასმელია იმედგაცრუების მომენტი. ამ დროს ყველაზე მეტად მამის იმედი აქვთ და ეს მოლოდინი არ სრულდება. ამ პრობლემის თანდევი ფაქტორი ძალიან ხშირია.
3-ამ დროს მსხვერპლის ცნობიერებაში აღგზნების კონტროლი შეუძლებელი ხდება. სანამ არ დაკმაყოფილდება და არ დამშვიდდება. იდეა ხომ ეს არის, რომ ადრენალინი გამოიყოს, ანუ მოგების ან წაგების შემთხვევაში გამოიყოფა ადრენალინი, შემდეგ მშვიდდება და ეიფორიაში ვარდება. ამ დროს ხელოვნურად ხდება იმის მიღება, რასაც ადამიანი ბუნებრივ მდგომარეობაში უნდა ახერხებდეს. ამ დროს მის ცნობიერებაში ყველაფერი დარღვეულია. ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობაში ხელოვნურად სხვა სტიმულატორი ჩნდება, ამ შემთხვევაში მას ეს ონლაინ თამაშები ევლინება. დასაწყისში ყველა იწყებს იმ მოტივით, რომ სჭირდება ფული, პატარა თანხით იწყებს, მოიგებს და თითქოს უნდა დასრულდეს, მაგრამ ეს ჩვევად გადადის. მათ ყოველთვის ჰგონიათ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ. ფიქრობენ, რომ როცა მოუნდებათ, შეეშვებიან თამაშს, მაგრამ ეს ასე არ ხდება. თუ ღრმად შეტოპეს, ამისი კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია.
 აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება შესულია ავადმყოფობების კლასიფიკაციაში.
1-მოთამაშისთვის ფულის გადამეტებული ღირებულებები ჩნდება. გადამეტებულ მნიშვნელობას იძენს ფული, ძალიან ღირებული ხდება მისთვის.
2-კონკურენტთან შეჯიბრი და მოგების სურვილი, ვიღაცის მიმართ. ანუ მან ვიღაცაზე მეტი მოიგო და „უფრო მაგარია“
3-მომატებებული და გადაჭარბებული აღგზნება თამაშის დროს.
4-სოციალური აღიარების გადამეტებული მოთხოვნა. როდესაც მისი გარშემო მყოფებისგან ხდება წაქეზება, რომ ის მათზე მაგარია, რადგან „უმართლებს“ .
5-ამ დროს ფსიქოსომატური დაავადებები ჩნდება. ანუ ეს არის ავადმყოფობები, რომლებიც ფსოქოლოგიური სტრესის გამო ჩნდება. ასეთებია კუჭის წყლული, რომელიც ქრონიკული სტრესისგან შეიძლება იყოს გამოწვეული, ქრონიკული თავის ტკივილები და გულის შეტევები, როდესაც ფსიქოლოგიური სტრესი ძალიან დიდია, ორგანიზმში სადაც სუსტია წერტილი, იქ უტყამს.
სტატისტიკა: აღმოჩნდა, რომ აზარტულ თამაშებზე მოთხოვნა უჩნდება ანუ დაავადებულია მოსახლეობის 2-3 პროცენტი, მათ შორის მანიაკალური ფორმით ჩნდება 1 პროცენტში. თუ ამ ციფრს საქართველოს 4-მილიონიან მოსახლეობაზე გადავიანგარიშებთ, საკმაოდ დიდ ციფრს მივიღებთ.
ცნობისათვის, მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეამ სწრაფი ინტერნეტი იაფი და ხელმისაწვდომი გახადა, ნათელი გახდა, რომ ზოგი ადამიანი მანიაკალური ონლაინთამაშებით თავს იღუპავდა. მკურნალობის ფულს სახელმწიფო ფარავდა. ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია მანიაკალურ თამაშებს დამოკიდებულად არ ცნობს. თუმცა, იმ დარღვევათა სიაში შეიყვანა, რომელთაც მეტი შესწავლა სჭირდება.
იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები