რას გულისხმობს სავალდებულო და ნებაყოფლობითი რეზერვი და რა შემთხვევაში მიიღებენ რეზერვისტები ანაზღაურებას – დაგეგმილ სიახლეებს ექსპერტები აფასებენ

რეზერვის მოქმედი სისტემა იცვლება. ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიური და სამობილიზაციო. კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა.
„ კვირა“ დაინტერესდა, რას გულისხმობს რეზერვის ახალი სისტემა, რა შემთხვევაში იქნება ის სავალდებულო და რა შემთხვევაში ნებაყოფლობითი, შეუნარჩუნდებათ თუ არა რეზერვში გაწვევის შემთხვევაში სამუშაო ადგილი და ანაზღაურება დასაქმებულ პირებს. ასევე საინტერესოა როგორ აფასებენ სამხედრო სფეროს ანალიტიკოსები დაგეგმილ ცვლილებებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგეგმება ორი ტიპის აქტიური და სამობილიზაციო რეზერვის შექმნა.

რას გულისხმობს აქტიური სარეზერვო სამსახური:

აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით, ხოლო 5-წლიანი პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი და ხელფასი. კანონპროექტის მიხედვით აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში – შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა.

აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა სამ ნაწილად: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტთა რეზერვი.

შეიარაღებული ძალების რეზერვი უზრუნველყოფს სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებასა და მხარდაჭერას.

ტერიტორიული რეზერვი შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერას განახორციელებს, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით. ტერიტორიული რეზერვი იქნება შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში და ორგანიზებული იქნება ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიულ არეალს მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან.

რაც შეეხება სპეციალისტების რეზერვს, აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების რეზერვი ახალი ნოვაციაა და დღეს არსებულ კანონმდებლობაში ანალოგი არა აქვს.
მისი შექმნის მიზანია სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა. მაგალითად, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ქვეყანას შეიძლება ემსახუროს საკუთარი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით, იქ, სადაც მისი შრომა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის უფრო ეფექტური იქნება.

რას გულისხმობს რეზერვის მეორე ტიპი სამობილიზაციო რეზერვი, რომელიც აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდებულოა:

როგორც ირკვევა, მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა. სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე), ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხებიან 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები, იარსებებს ელექტრონული სია და მათ გაწვევას და რაოდენობას შეიარაღებული ძალების საჭიროებები განსაზღვრავს.

სამხედრო ექსპერტები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით გადადგმულ ღონისძიებებს მიესალმებიან და აცხადებენ, რომ რეზერვის ახალ კონცეფციის ძირითად ნაწილს იზაირებენ, თუმცა მათი თქმით, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე გაცილებით მყისიერი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე თვლის, რომ რეზერვისტების ის ოდენობა, რაც დაანონსდა, რეგიონში არსებული ზრდადი საფრთხეების გათვალისწინებით საკმარისი არ არის.

ამასთან, სალუქვაძე აცხადებს, რომ ზოგადად მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს რეზერვისტების საბრძოლო მზადყოფნის ხარისხს – გაცილებით მეტი რაოდენობის რეზერვისტი, კიდევ უფრო ხარისხიანად უნდა მომზადდეს.

„აღნიშნული კონცეფცია არ ითვალისწინებს საბრძოლო მომზადების მზაობას, ეს არის ზოგადი ინსტრუმენტი თუ რა ტიპის რეზერვს მოამზადებენ, რაც შეეხება სპეციალიზაციას, მომზადების ხარისხს, ეს შემდგომში იქნება გასაწერი, მაგრამ ძალიან იწელება ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ წინა მინისტრის დროს დაიწყეს ამ კონცეფციაზე მუშაობა და საბოლოო ეტაპს მხოლოდ ახლა უახლოვდება საკანონმდებლო საკითხები. ვთვლი, რომ თავდაცვის სამინისტრომ უნდა გამონახოს საშუალებები და ზოგადად მეტი ყურადღება მიექცეს საბრძოლო მზადყოფნას, საბრძოლო მომზადებას, მეტი რაოდენობის რეზერვისტების ხარისხიანად მომზადება უნდა მოხდეს – ესაა მნიშვნელოვანი, რადგან დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს და ასეთი ტემპებით იმ გამოწვევებს, რაც დგას ქვეყნის, რეგიონის წინაშე ვერ გავუმკლავდებით. ჩვენ არ დაგველოდებიან –მზად ვართ თუ არა… სწორედ ამაზე მაქვს მე პრეტენზიები, თვითონ კონცეფციასთან ბევრი უკმაყოფილება არ გამაჩნია, რაც მქონდა საპარლამენტო განხილვებისას, შარშან გამოვხატე“, –განუცხადა „კვირას“ ამირან სალუქვაძემ.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ სარეზერვო სისტემის კონცეფციის შემუშავება, დროში გაიწელა და პროცესის დაჩქარება შეიძლებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებების შინაარსს, ალადაშვილი ამბობს, რომ რეზერვის მუდმივად შევსება და მათი სათანადო მომზადება უნდა მოხდეს.„ყოველთვის ვამბობდი, რომ იმ ზომის ქვეყანას, როგორიც საქართველოა, გაუჭირდება ჰყავდეს რიცხობრივად დიდი რაოდენობის რეგულარული შეიარაღებული ძალები, მით უმეტეს თუ ეს შეიარაღებული ძალები ძირითადად დაკომპლექტებულია კონტრაქტით მომსახურეებით, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი საბრძოლო მოქმედებების დროს არის დანაკარგი. დაუბრუნებელი დანაკარგი ჰქვია ამას, ესენი არიან დაღუპულები და დაჭრილები, ამიტომ მათი შევსება უნდა მოხდეს, ამიტომაცაა გამოცდილი საშუალება მომზადებული რეზერვის ყოლაა, რომლის მობილიზაცია შეგიძლია ოპერატიულად, რეზერვი შეიძლება გყავდეს, მაგრამ ოპერატიულად ვერ გაუკეთო მობილიზაცია. ახლა მთავარია ეს პროცესი წარიმართოს არა პიარისთვის, როგორც ეს ხდებოდა წინა რეზერვების დროს, არამედ რეალური მიზნებისთვის. რეზერვი მუდმივად უნდა შეივსოს. საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ ქვეყნის დაცვა არამხოლოდ სამხედროების, არამედ მათი ვალიცაა. ზოგი ფიქრობს, ის გადასახადს იხდის და ვინც მისი გადასახადიდან ხელფასს იღებს, იმან უნდა დაიცვა ქვეყანა –სამხედრომ, პოლიციელმა, ეს, რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა, შეიძლება ხელისუფება მოგწონდეს ან არა, ეს ბუნებრივია, თუმცა ის როგორც მოვა, ისევ წავა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის აუცილებლობა კი ყოველთვის მნიშვნელოვან საკითხად დარჩება. მომზადებული მოქალაქე ფიზიკურად და სულიერად უფრო ძლიერი ხდება და შეძენილი უნარები მას შეიძლება პირველ რიგში საკუთარი ოჯახის დასაცავად გამოადგეს, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ომის გარდა შეიძლება იყოს ბუნებრივი კატაკლიზმა, ტექნოგენური კატასტროფა, სადაც რეზერვი და მათი გამოცდილება აუცილებლად გამოდგება“, – აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.

„სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში“ ტოტალური თავდაცვის პრინციპი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა, სადაც რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რეზერვის კონცეფციის მიზანი ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები