ფასანაურის ფოსტას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

დუშეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ფასანაურში მდებარე ფოსტას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ფოსტამ  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 9 იანვრის ბრძანებით მიიღო.
ფასანაურის ფოსტა 1840 წელს არის აგებული. შენობა ორი ნაწილისგან შედგება: ჩრდილოეთის ნაწილი ორსართულიანია, სამხრეთის ერთსართულიანი. ორსართულიანი შენობის სამხრეთით მთელ სიგრძეზე გრძელდება ერთსართულიანი ნაწილი, იგი დიდი დარბაზის, პატარა ოთახის და მათ შორის მოქცეული აივნისგან შედგება. აივანი სამხრეთ-აღმოსავლეთით ოთხი კვადრატული ბოძითაა გახსნილი. აივანზე ორსაფეხურიანი კიბითაა ასასვლელი, აივნიდან კი ოთახებშია მოხვედრა შესაძლებელი. ფოსტის დასავლეთი კედლის პირველი სართული პილასტრებითა და საფეხუროვანი კაპიტელებითაა გაფორმებული, რომლებიც იმეორებენ აივნის ბოძებისა და კაპიტელების ფორმას. შენობა გადახურულია თუნუქით.
შენობის აგების აუცილებლობა მოიტანა რუსეთ-საქართველოს სამხედრო გზის გაყვანამ. როგორც წესი, ამ პერიოდის საფოსტო ადგილები ითავსებდნენ როგორც ინფორმაციის გადამტან, ისე სატრანსპორტო საშუალებების გამოცვლის ფუნქციას. ფასანაურის შენობა კი ერთადერთი ასეთი საფოსტო ადგილი იყო თბილისი-სტეფანწმინდის გზაზე. ამიტომ ამ შენობაში არაერთი ცნობილი ქართველი და უცხოელი გაჩერებულა, საქართველო-რუსეთის გზაზე გავლის დროს (ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე დიუმა, ალექსანდრე პუშკინი და სხვ.).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები