,,დღეს საქართველოს სკოლათა დიდი უმრავლესობა ახალ სასწავლო წელს იწყებს.
სადაც სკოლაა, საზოგადოების კულტურა და განვითარების არსებითი იმპულსიც იქ არის”,- ამის შესახებ, ფილოლოგიის დოქტორი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ბევრი ფიქრი და გარჯაა საჭირო, რათა ქვეყანა უკეთესი, უფრო ძლიერი და გამარჯვებული გახდეს.
,,სკოლაში 1981 წლიდან ვასწავლი.
ის დღეც მახსოვს, სკოლიდან რომ დამითხოვეს – ჰაგიოგრაფიის, “ვეფხისტყაოსნისა” და “დავითიანის” სწავლებისას ბავშვებს ბიბლიაზე რატომ ელაპარაკებიო.
იმ დროს თავისი გამოწვევები ჰქონდა, ამ დროს თავისი აქვს.
მასწავლებლისთვის ღმერთმა ამქვეყნად რამდენიმე ფუნქცია დააწესა:
საგანი ასწავლოს, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უნარები განუვითაროს და ღირსეული ცხოვრებისთვის მთავარი ადამიანური ღირებულებები გააცნობიერებინოს და შეაყვაროს.
ვინც ამას კარგად აკეთებს, ნამდვილი პედაგოგი (ეს სიტყვა სახარებაში ორჯერ არის მოხსენიებული იესოსთან მიმართებით) ის არის.
დღეს, საქართველოს სკოლათა დიდი უმრავლესობა ახალ სასწავლო წელს იწყებს.
სადაც სკოლაა, საზოგადოების კულტურა და განვითარების არსებითი იმპულსიც იქ არის.
სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები ერთიანდებიან პიროვნული, ეროვნული და სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად.
ჩემთვის არაფერია ამ მიზანზე უფრო მნიშვნელოვანი და ამაღლებული, რადგან, წესითა და რიგით, სარწმუნოებასა და საერთო კულტურასთან ერთად, სწორედ ის აერთიანებს ჩვენს ქვეყანას.
დალოცოს დღევანდელი დღე ღმერთმა და კაცმა!
სასწავლო წლის დღეებიდან ის მხოლოდ ერთ-ერთია, მაგრამ ის იწყებს.
წარმატება ყველას, ვინც სწავლობს და ვინც ასწავლის.
ბევრი ფიქრი და გარჯა გვმართებს, რათა ჩვენი სამშობლო უკეთესი, უფრო ძლიერი და გამარჯვებული გავხადოთ.
მეგობრებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
ღმერთმა დალოცოს გონივრული და ზნეობრივი ფიქრისა და მისი საქმედ გარდამსახველი ქართველის ყოველი დღე”, – წერს მურღულია.