რომელი პედაგოგი არ მიიღებს გაზრდილ ხელფასს და რატომ არ შეეხო ჯეჯელავას პირველ მასწავლებელს განათლების სამინისტროს ბრძანება

დღეიდან, განათლების მინისტრის ბრძანება, საჯარო სკოლის პედაგოგების ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედი 66 ათასი პედაგოგიდან, მხოლოდ 224 წამყვან მასწავლებელს და 9 მენტორს შეეხება. მათგან 5 პედაგოგი თბილისის სკოლებში ასწავლის. მომატებულ ხელფასს მიიღებს საქართველოს 233 პედაგოგი. ხელფასის მატება არ ეხება პედაგოგთა უმრავლესობას.
პირველი თებერვლიდან, წამყვანი მასწავლებლები ნაცვლად 500 ლარისა, 700 ლარს მიიღებენ, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის ხელფასი – ნაცვლად 700 ლარისა, 1000 ლარი იქნება.
მომატებულ ხელფასს ვერ მიიღებს პირველი ექპერიმენტული სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელიც 80 წლისაა და ბავშვებს დაწყებით განათლებას ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ ნათელა ამონაშვილი დოქტორ-პედაგოგია, ის არც მენტორია და არც წამყვანი მასწავლებლი. 80 წლის ნათელა ამონაშვილი უფროსი პედაგოგის სტატუსს ატარებს და 1962 წლიდან მუშაობს. მას პედაგოგად მუშაობის 56 წლის სტაჟი აქვს. იგი განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას პირველი პედაგოგია. მან არაერთი ცნობილი სახე გაზარდა, მათ შორის არის ცნობილი ქირურგი დავით ქავთარაძე, მოსკოვში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი ია ბერსენაძე და სხვა მრავალი.
„დოქტორ-პედაგოგი ვარ, მაგრამ არც კი ვიცი რატომ არ ვარ ან მენტორი ან წამყვანი პედაგოგი, არც კი მომიკითხია. თუმცა, არ მაქვს ჩატარებული კვლევები, რომელიც ამ სტატუსის მინიჭებისთვის არის გათვალისწინებული. არც ერთი საათი არ მაქვს გაცდენილი არასაპატიო მიზეზით. ვერაზე ვცხოვრობ. გაჭირვების პერიოდში, ვერიდან საბურთალომდე ფეხით მივსულვარ გაკვეთილების ჩასატარებლად. გახსოვთ, ეგ დრო? _ ტრანსპორტი არ იყო, უშუქობა, შეშის ღუმელზე ვატარებდი გაკვეთილებს. ძალიან მინდა ახალგაზრდა პედაგოგებს ვურჩიო, რომ იყვნენ გაბედულები, თამამები. მე, რაც შემიძლია ვცდილობ, ჩემი გამოცდილება ახალგაზრდებს გავუზიარო“ – ამბობს ნათელა ამონაშვილი, რომელიც საჯარო სკოლიდან თვეში 733 ლარს იღებს, დამატებით გახანგრძლივებული ჯგუფიდან კი, _ 350 ლარს.

ვინ არის მენტორი?

როგორც აღმოჩნდა, თბილისის სკოლების ყველა მენტორს დოქტორის ხარისხი აქვს და მათ ახალი სქემის ამოქმედებიდან ავტომატურად მიენიჭათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ხოლო მენტორის სტატუსის მისაღებად, 25 კრედიტ-ქულის დაგროვება იყო საჭირო, რომლისთვისაც 5 წელი ჰქონდათ, თუმცა, თითოეულმა მათგანმა საჭირო კრედიტები 2 წელიწადში დააგროვა და 2015 წლიდან 2017 წლამდე მენტორის სტატუსი მიიღო.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოში დღემდე 66 ათასამდე მოქმედი პედაგოგია. ისინი კატეგორიებად იყოფიან, რაც ასე გამოიყურება:

პრაქტიკოსი– 44 570

უფროსი-18 809

წამყვანი-224

მენტორი -9
 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის თანახმად, მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს 25 კრედიტქულა.
მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი:
ა) ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);
ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა);
გ) ქმნის სასწავლო რესურსს ან რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას (2 კრედიტქულა);
დ) ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (16 კრედიტქულა). მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, წამყვანი მასწავლებლისათვის მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ, წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.
მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრის/სკოლის განვითარებაზე. მას სტატუსი უნარჩუნდება უვადოდ.
განათლების მინისტრის აღნიშნულ ბრძანებას, რომელიც 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით თარიღდება, სკეპტიკურად მიიჩნევენ პრაქტიკოსი პედაგოგები.
მათ მიაჩნიათ, რომ პედადაგოგს პროფესიული განვითარებისთავის დრო არ რჩება. მათ ურჩევნიათ, რომ დრო მოსწავლის განვითარებისთვის დახარჯონ და არა საკუთარი განვითარებისათვის.
„ეს არის სამინისტროს მხრიდან ცინიზმი, უდიდესი პასუხისმგებლობა და უმცირესი ხელფასი“ – ამბობს ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი, რომლის ხელფასი 500 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს.
მან ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ პედაგოგების დიფერენციაცია პედაგოგებს შორის ფსიქოლოგიური ფაქტორია.
მისი თქმით, მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები სხვა დანარჩენ პედაგოგებს „ზემოდან“ უყურებენ.
„მათ მიაჩნიათ, რომ ისინი ჩვენზე განათლებულებულები არიან და „ზემოდან“ იყურებიან. პედაგოგები იჩაგრებიან. ყველაფერს დრო სჭირდება. მენტორები სკოლაში მაშინ მოვიდნენ, როცა დრო ჯერ საკუთარ განათლებას მოანდომეს, ხარისხი დაიცვეს, დოქტორის წოდება მიიღეს და შემდეგ სკოლაში საათებიც მოითხოვეს. ვკითხულობ – თუ სადოქტორო ნამუშევარი ისეთი მაღალი ხარისხის აღმოჩნდა, რატომ არ გაარგძელეს ამ კატეგორიის ადამიანებმა მუშაობა კათედრაზე ან უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგებად? ჩვენ, ღვაწლოსილმა პედაგოგებმა გადავიარეთ უშუქობა, თბილისის ომი, ცივ გაყინულ ოთახებში გვიწევდა გაკვეთილების ჩატარება, მიუხედავად ამისა, მოსწავლეებისთვის არ მიღალატია, არც ერთი საათი არ გამიცდენია. რად მინდა მენტორის სტატუსი? ჩემი სტატუსი ის მოსწავლეები არიან, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს, რადგან მათი წარმატების საძირკველი და ფუნდამეტი მე ვიყავი. რაც შეეხება განათლების სამინისტროს, ისეთ მოთხოვნებს გვიყენებს, რომ დრო არ მრჩება. ჩვენ, დროში დაკარგული პედაგოგები ვართ. კვლევების ჩასატარებლად დრო არ მრჩება. “ – ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
„კვირას“ კითხვას, ხომ არ იჩაგრებიან ის პედაგოგები მენტორებთან ან წამყვან პედაგოგებთან შედარებით, პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლები, რომლებმაც მთელი მუშაობა მოსწავლეების აღზრდას მოანდომეს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი სოფიკო ლობჟანიძე პასუხობს.
„თუ პედაგოგის პროფესიულ განვითარებას განვიხილავთ არა როგორც მიზანს და არა საშუალებას, იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ბავშვებისთვის სწორედ ხარისხიანი და კარგი განათლების მიცემა და ჩვენი მიზანი თუ არის ბავშვი, მაშინ ეს კარიერული წინსვლის ზრდა, იგივე ხელფასის მატება, რომელიც მიბმულია კარიერულ წინსვლაზე, ეს არის, საკმაოდ კარგი პრაქტიკა. თუ მასწავლებლისთვის მიზანი გახდება პროფესიული განვითარება და თუ მისთვის მარათონი იქნება მხოლოდ და მხოლოდ კრედიტების დაგროვება, ეს პროფესიული განვითარება და უნარები, გამოცდილება, ცოდნა, _ მაშინ ვადასტურებ, რომ წყალში ჩაყრილი შრომა იქნება. თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მასწავლებლები, რომლებმაც სტატუსი აიმაღლეს, გახდნენ წამყვანი მასწავლებლები და მენტორები, პრაქტიკოსები გადავიდნენ უფროსი მასწავლებლის საფეხურზე, ამ პედაგოგებისთვის პროფესიული განვითარება საშუალებაა და არა მიზანი. მიზანი არის თითოეული მოსწავლე, რომლებმაც უნდა მიაღწიონ მაქსიმუმ შედეგს საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას სოფიკო ლობჟანიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 1-ელი თებერვლიდან, საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილის ხელფასი იზრდება.
კერძოდ, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგის ხელფასი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად 500 ლარისა, განისაზღვრება 700 ლარის ოდენობით, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის – ნაცვლად 700 ლარისა, განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით.
პედაგოგების შრომითი ანაზღაურების ზრდა განაპირობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანამ.
აღნიშნული ცვლილების ავტორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

იზა შაქარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები