დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: იყო გარკვეული არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარებიც, მაგრამ დღევანდელი სინოდი შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული, რომ პატრიარქის არჩევნები სანიმუშო იქნება
დღევანდელი სინოდი, შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული იმაზე, სამაგალითო და სანიმუშო იქნება არჩევნები, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად გარკვეული „არაკორექტული გამოსვლებისა და ემოციური კომენტარებისა“, ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის.
„საზოგადოება მიჩვეულია საერო არჩევნებს და იქ მომხდარ დაპირისპირებებს, სინოდში ასეთი რამ არ ხდება. იყო გარკვეული არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარებიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელი სინოდი, შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული იმაზე, რომ როგორც აქამდე, ღირსეულად ტარდებოდა სინოდი იქნებოდა თუ სხვა პროცესები, ასევე სამაგალითო და სანიმუშო იქნება ეს არჩევნებიც. ეს იყო მათი სულისკვეთება, ხოლო მცდელობები, რომ ერთმანეთში დაპირისპირება წარმოაჩინონ, არარეალურია“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზი ასევე გამოეხმაურა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებას, რომ საპატრიარქოში არაფორმალური ე.წ. „ენდემოსას სინოდი“ არსებობს.
მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოს ყოველი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან თანხმდებოდა.
„საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის პერიოდში არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა და განცხადება არ გაკეთებულა მასთან შეუთანხმებლად. ასეთი კონსპირაციები გვესმის და შეიძლება მასაც უთხრა ვიღაცამ, მაგრამ რეალურად ასეთი რამ არ ხდება“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ამასთან, მამა ანდრია ჯაღმაიძემ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობ აქიაშვილის დიპლომის დაკარგვის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო, რადგან დაკარგული დიპლომის აღდგენა სრულიად შესაძლებელია.
„დიპლომის მოპარვასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო, დაიკარგა ეს დიპლომი თუ მოიპარეს. ჩვენ ხომ ყველას გვესმის, რომ დიპლომი არ არის ცარიელი ყდები და ფურცელი, ეს არის არქივში ჩანაწერები. ადამიანი რომ კარგავს პირადობის მოწმობას თუ მართვის მოწმობას, ამის აღდგენა სრულიად შესაძლებელია და ახლიდან არ აბარებინებენ გამოცდას“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.