ხორავას ქუჩის ტრაგედია – საქმის დაუდგენელი ფიგურანტები

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ისევ მაღალია. თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადის, მომხდარი მით მეტ ბუნდოვანებას იძენს. პასუხგაუცემელი კითხვები იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ტრაგედიის პირველ დღეებში.
სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტს, რომელიც საბოლოოდ ტრაგედიად იქცა, საზოგადოებისთვის მხოლოდ ერთი მხარე – ტრაგედიაში მონაწილე ახალგაზრდათა ჯგუფი ყავს. სწორედ ამიტომ ითხოვს საზოგადოება ყველა იმ კთხვაზე პასუხს, რომელიც დღითიდღე უფრო მეტი ჩნდება. მომხდარს მით უფრო გაუგებარს ხდის მთავარი გარემოება – არც დაღუპულები და არც ბრალდებულები კონფლიქტის ინიციატორები და გარჩევის ორგანიზატორები არ ყოფილან!
დატრიალებული ტრაგედიის უზუსტესი სამართლებრივი შეფასების ვალდებულება სახელმწიფოს აკისრია. თუმცა ,,ვერსიას“ მიერ კონფიდენციალური წყაროებით მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ჩატარებულმა წინასწარმა გამოძიებამ საზოგადოების ამ მოლოდინს ვერ უპასუხა. გამოძიება თავიდანვე არასწორ რელსებზე დადგა.
რა სუბიექტურმა თუ ობიექტურმა ფაქტორებმა განაპირობეს გამოძიების იმგვარი ქმედებები, რომ თვით დაზარალებულ ოჯახსაც კი უნდობლობა აღუძრა?
• თავიდანვე ხელოვნურად ხომ არ წარიმართა გამოძიება არასწორი მიმართულებით და ვინ შეიძლებოდა ამაში დაინტერესებული ყოფილიყო?
• ხომ არ ყავს საქმეს დაინტერესებული სცენარისტები და თუ კი – ვინ არიან ისინი?
• ხომ არ იმალება პროკურატურის ოქროს მოწმეთა მრავალჯერადი და ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენებების მიღმა სიმართლის დამალვის მცდელობა?
ეს არის კითხვები ბუნებრივად ჩნდება ,,ვერსიის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ და სხვა უამრავ კითხვას ხშირად სვამს მედია.
გამოძიების შემაფერხებელ ობიქეტურ მიზეზად შეიძლება ის გართულებული ვითარება განვიხილოთ, რასაც ძიება არასრულწლოვანთა დაკითხვისას წააწყდა. მოზარდთა უმეტესობა პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს ან უკეთეს შემთხვევაში არასრულყოფილ ჩვენებებს იძლევა. გაცილებით საგანგაშოა ის სუბიექტური ფაქტორები, რამაც შესაძლოა გამოძიების მიერ რეალური სურათის აღდგენაზე უარყოფითი გავლენა მოახდინეს. ამის თქმის საფუძველს პროკურატურის მიერ წინასწარ გამოძიებაში განხორციელებული საეჭვო ქმედებები გვაძლევს.
პროკურატურამ საქმეზე არ დანიშნა კომპლექსური ექსპერტიზა და სამედიცინო ექსპერტიზას არ დაუსვა მთავარი შეკითხვა – რამდენი დანით იქნა მოკლული დავით სარალიძე. ასევე, საინტერესოა როგორ ხდება რომ დაკითხულ მოწმეთაგან რამდენიმე სრულიად იდენტური ლექსიკით იდენტურ ჩვენებას აძლევს?
ერთ–ერთი ბრალდებულის დაცვის მხარემ სასამართლო განხილვის გადადების შუამდგომლობაზე უარი მიიღო, მაშინ, როცა ამავე ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოყოფილი, ნაკლებად მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულთა საქმის განხილვის დაწყება, დაცვის მოთხოვნის საფუძველზე გადადო.
ასევე, როგორც ცნობილია განხორციელდა დანაშაულის ერთ–ერთი მთავარი მტკიცებულების ფარდულის დემონტაჟი. სამართლებრივ სახელმწიფოში სისხლის სამართლის დანაშაულზე არსებული მტკიცებულებები გამოძიების დასრულებამდე ინახება, მაშინ რატომ არ მიიღეს ზომები სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილის იმ სახით შესანარჩუნებლად, რაც დანაშაულის მომენტისთვის იყო? დღეს უკვე შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება თუკი ამის აუცილებლობას სასამართლო გამოძიების პროცესში გამოკვეთილი გარემოებები მოითხოვს. ასევე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით განადგურებულია ან შეცვლილია სხვა მტკიცებულებებიც, რაზეც მოგვიანებით მოვუყვებით ჩვენს მკითხველს.
ყოველივე ეს ბუნებრივად ბადებს ეჭვს – ხომ არ გვაქვს საქმე შეგნებულ მანიპულირებასთან და ვის ინტერესში შედის ეს? რატომ არიდებს თავს პროკურატურა დაგროვილ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხს და რატომ ცდილობს მათ მიერვე თავდაპირველად შემოთავაზებული ვერსიის ბოლომდე დაცვას, მაშინ, როცა სახეზეა აშკარად ჩიხში შესული გამოძიება?
ამ კითხვებს ,,ვერსია“ არაერთხელ მიუბრუნდება. მანამდე კი, ჩვენს მიერ კონფიდენციალურად მოპოვებული საქმის ჯერ კიდევ გაუხმაურებელი მასალებით, შევეცდებით მკითხველს აღვუდგინოთ სრული სურათი – რა მოხდა პირველ დეკემბერს.

მაშ ასე, რა მოხდა პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე? პროკურატურის ოქროს მოწმე და საქმის დაუდგენელი ფიგურანტები
პირველ დეკემბერს, დაახლოებით დღის 12 საათისთვის 14 წლის ორი მოზარდი მათივე თანასკოლელებმა, 16 წლის ბიჭებმა, სკოლის საპირფარეშოში შეიყვანეს და მათ მიმართ გარკვეული სახის ზეწოლა განახორციელეს. ბულინგის ერთ–ერთ ორგანიზატორს დ.ნ.– ს თან ქონდა პნევმატური იარაღი, რომლის დემონსტრირებამაც უმცროსკლასელთა დაძაბულობა გამოიწვია. ჩვენთვის ცნობილია, რომ დ.ნ.–ს მხრიდან პნევმატური იარაღით მუქარა საქმეში არსებული მოწმეთა დაკითხვის ოქმებით დასტურდება. თუმცა რას ითხოვდნენ უფროსკლასელები, გამოძიებისთვისაც უცნობია.
საპირფარეშოში მათზე განხორციელებული ბულინგი ერთ–ერთმა არასრულწლოვანმა გააპროტესტა, რამაც ზეწოლის ორგანიზატორის დ.ნ–ს გაღიზიანება გამოიწვია. დ.ნ.–მ უმცროსკლასელებს უთხრა, რომ ინციდენტი ამით არ ამოწურულა და რომ საქმის გარჩევა გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდებოდა. აქვე ერთი საინტერესო და ამ დრომდე ბუნდოვანი დეტალი – გამოძიებას ჯერ კიდევ არ დაუდგენია ესწრებოდა თუ არა დავით სარალიძე საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით საქმის მასალებში არის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, რომელთაგან ნაწილი სარალიძის საპირფარეშოს ინციდენტში მონაწილეობას აღწერს. თუმცა არ არის გამორიცხული სარალიძე როგორც სკოლაში ავტორიტეტული მოზარდი, სწორედ საქმის გარჩევაზე მოიხმეს. მით უმეტეს, რომ იგი ფიზიკური მონაცემებითაც გამოირჩეოდა.
ერთ–ერთმა, საპირფარეშოს ინციდენტის მონაწილე 14 წლის მოზარდმა ა.ს.–მ საკუთარ 16 წლის დეიდაშვილს მ.კ.–ს დაურეკა, რომელიც პირველი ექსპერიმენტალური სკოლის მოსწავლეა. ა.ს.–მ დეიდაშვილს მასთან, 51–ე სკოლაში მისვლა სთხოვა.
თავის მხრივ მ.კ.–მ საკუთარ მეგობრებს თხოვა გაყოლოდნენ 51–ე სკოლასთან და ამ მიზნით სახლიდან გამოიყვანა რამდენიმე მეგობარი, მათ შორის გ.ჯ.
დაახლოებით შუადღის ორი საათისთვის მ.კ. 51–ე სკოლასთან მივიდა, თავის მეგობრებთან ერთად, რათა გაერკვია რას ითხოვდნენ თანასკოლელები მისივე დეიდაშვილის ა.ს.–სგან. სკოლასთან მისულებს ა.ს. და მ.გ. დახვდნენ. მათთან რამდენიმე წუთში მივიდა 51–ე სკოლის უფროსკლასელთა დაახლოებით 15 კაციანი ჯგუფიც. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი დამხვედრებსა და მისულებს 51–ე სკოლის მოსწავლეთა შორის საერთო ნაცნობი აღმოაჩნდათ, რომელმაც მხარეებს კონფლიქტის გარეშე დაშლისკენ მოუწოდა. საერთო გადაწყვეტილებით ერთ მხარეს მყოფმა 8 მოზარდმა და მეორე მხარეს გაერთიანებულმა 15 ახალგაზრდამ, ხორავას ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ ეზოში გადაინაცვლეს. ამ მომენტისთვის, საფირფარეშოში დილით 6 – მდე მოზარდს შორის დაწყებული უსიამოვნო საუბარი 30–მდე ბავშვის მასობრივ შეკრებაში გადაიზარდა. საგულისხმოა, რომ ეს ვითარება გამოეპარა ყველას – სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურებს.
ჩვენი ინფორმაციით განხილვისას აქტიურობით გამოირჩეოდა და დაძაბულობას ქმნიდა საპირფარეშოში დილით მომხდარი ინციდენტის ორგანიზატორი დ.ნ. საბოლოოდ მხარეები შერიგებაზე თითქმის შეთანხმებულები იყვნენ, როცა მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდა. ჩვენი ინფორმაციით პროკურატურას ჯერ კიდევ არ აქვს დადგენილი ზუსტად რა ვითარებაში დაიწყო ჩხუბი და უშუალოდ რამდენი ახალგაზრდა ჩხუბობდა. თუმცა ,,ვერსიას“ ინფორმაციით ჩხუბობდა ეზოში მყოფი ყველა მოზარდი. ცნობილია, რომ სარალიძემ მისთვის აქამდე უცნობი გ.ჯ. ფარდულისკენ მოისროლა და მათ შორის ჩხუბი დაიწყო. როგორც მოწმეები ჩვენებებში ამბობენ, მომცრო ტანის გ.ჯ.–ს ურტყამდა სარალიძე, რომელიც ძლიერი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდა – იყო 162 კილო და 197 სმ სიმაღლის, ხოლო გ.ჯ. ცნობილია, რომ 47 კილოს იწონის. პარალელურად ეზოში ჩნდება ჩხუბის მეორე კერა, სადაც გ.ბ. დანით ორ ჭრილობას აყენებს დადუნაშვილს, რომელიც მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. გამოძიების მტკიცებით გ.ბ.–ს მიერ მიყენებული ჭრილობები ქონდა სალარიძესაც.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ჩხუბში მონაწილე 25 მოზარდიდან დამნაშავე მხოლოდ ორია და მათ ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. რას აკეთებდა დანარჩენი 23 მოზარდი იმ დროს, როცა ორი დანაშაულს ჩადიოდა, პასუხი პროკურატურას არ აქვს. პროკურორი ზვიად ფხაკაძე ამბობს, რომ ამის შესახებ საკუთარ ვერსიას გამოძიება სასამართლო სხდომებზე წარმოადგენს. პროკურატურის მტკიცებით გამოყენებული იქნა ორი დანა და მკვლელობაში ბრალდებული მხოლოდ ორი მოზარდია. ამ მარტივი არითმეტიკის არ სჯერა თვით დაზარალებულს, დაღუპული დავით სარალიძის მამას. ზაზა სარალიძე თვეზე მეტია სხვადასხვა მედიასაშუალებებით აცხადებს, რომ მისი შვილს მრავლობით ჭრილობას ვერ მიაყენებდა ბრალდებული გ.ჯ, რასაც ადასტურებს ჭრილობების რაოდენობა და სხეულზე მათი განლაგებაც. მას არც გამოძიების მიერ შეთავაზებული ვერსიის სჯერა და კატეგორიულად აცხადებს: ,,ბრალის ფორმულირებაში სრული ტყუილი წერია ჩემი აზრით, გამორიცხულია ერთ კაცს მოეკლა ჩემი შვილი“.
ამ ფონზე და ამის მიუხედავად ფაქტია, დღემდე პასუხისგებაში მხოლოდ ორი მოზარდია მიცემული. პროკურატურის მიერ შეთავაზებულ ვერსიას ასევე კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებულ გ.ჯ–ს დაცვის მხარეც.
,,მიგვაჩნია, რომ საქმე არაა სრულყოფილად გამოძიებული, არის ის, რომ არ არის დადგენილი უამრავი ისეთი დეტალი, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და დაზარალებულ მხარეს. არ არის დადგენილი კონკრეტული პირების სახელები და გვარები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩხუბში. ვიცით გარკვეული პირები, თუმცა კონკრეტულ დროს კონკრეტული პირი რას აკეთებდა, ამაზე მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. შესაბამისად, შეუძლებელია მოწმეთა ჩვენებებს ვენდოთ. მიგვაჩნია, რომ თავის დროზე გამოძიება დაადგა არასწორ გზას და დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შემდეგ უკვე აღარ მოხერხდა. შედეგად მივიღეთ არასწორად გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია დავიჯეროთ, რომ გამოძიებამ დაადგინა უტყუარი ჭეშმარიტება” – აცხადებს ბრალდებულ გ.ჯ.–ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
,,ვერსიას“ ინფორმაციით გამოძიება არაფერს ამბობს უშუალოდ კონფლიქტის წამომწყებების და მათი მსხვერპლების როლზე, უშუალოდ ხორავას ქუჩის ინციდენტში. საქმის მასალებით ჩანს, რომ საპირფარეშოს ეპიზოდის მონაწილეები ხორავას ქუჩის ეზოში იმყოფებიან, თუმცა როგორ რეაგირებენ პროცესზე, რომელიც მათი მიზეზით წარიმართა, ეს გამოძიებას დადგენილი არ აქვს. რას აკეთებდნენ უშუალოდ ჩხუბის დაწყებამდე და რა მოიმოქმედეს ჩხუბის მომენტში გამოძიება ამაზე შეგნებულად თუ შეუგნებლად, დუმს. ყოველივე ეს გონივრულ ეჭვებს აჩენს – ხომ არ აფარებს გამოძიება ხელს საქმის რომელიმე ფიგურანტს. მით უფრო, რომ ტრაგედიის მსხვერპლები და ბრალდებულები ერთმანეთს პირველად ხედავდნენ და შესაბამისად მათ შორის აგრესია მანამდე ვერ იარსებებდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხდარისას დაღუპულთა გარდა კიდევ ორი ახალგაზრდა დაიჭრა, პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ამის შესახებ პრესა ალაპარაკდა. ჩვენი ინფორმაციით ერთ–ერთი დაჭრილი პირველი ექსპერიმენტალრი სკოლის მოსწავლეა და ერთ–ერთია მათ შორის, ვისაც მ.კ.–მ დეიდაშვილის დასახმარებლად გაყოლა სთხოვა.
,,ვერსიას“ ინფორმაციით დაპირისპირება გაცილებით მეტ ადამიანს შორის მოხდა ვიდრე საქმის მასალებშია საუბარი. დაკითხულ მოზარდთა ჩვენებებს შორის კი არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, რაც მსუბუქად რომ ვთქვათ არასრულყოფილ გამოძიებაზე მიუთითებს.
წინასწარ გამოძიებაში დუმილის დროებით უფლება გამოიყენა ორივე ბრალდებულმა – დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გ.ბ–მ და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულმა გ.ჯ–მ. ორივე მათგანი სასამართლოზე გეგმავს ჩვენების მიცემას.
ასევე, ამ დრომდე არ არსებობს საქმეზე დანიშნული მთელი რიგი ექსპერტიზების დასკვნები. ჯერჯერობით არც გ.ჯ.–ს დაცვის მხარეს აქვს ხელთ მის მიერვე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზების შედეგები.
შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ გამოძიების მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული დანაშაულის ვერსია შესაძლოა არსებითად შეიცვალოს.
საქმის არსებითი განხილვის მიმართ მედიის ინტერესი განსაკუთრებით მაღალია გამომდინარე იქიდან, რომ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმის განხილვა დახურულ სხდომაზე მიმდინარეობს, მხარეებს კი გაუთქმელობის პირობა აქვთ დადებული. ,,ვერსია“ მაქსიმალურად შეეცდება მკითხველს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.
დაცულია თუ არა მოზარდი სკოლაში და რა უნდა გვასწავლოს ხორავას ქუჩის ტრაგედიამ?
ხორავას ქუჩის ტრაგედია განსაკუთრებულად მძიმე შედეგის გამო მოექცა საზოგადოების მაღალი ინტერესის არეალში. თუმცა 51–ე სკოლაში არსებული ბულინგის და სასკოლო კონფლიქტების ფაქტები საზოგადოებაში არაერთხელ გახმაურებულა. დაუზუსტებელი ინფორმაციით მთაწმინდის პოლიციას ორჯერ დაჭირდა საქმეში უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის ჩარევა, როცა საქმე ამ სკოლაში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა.
როგორც არ უნდა დასრულდეს სასამართლო გამოძიება, რა პასუხებიც არ უნდა მიიღოს საზოგადოებამ ამ კონკრეტული დანაშაულის შესახებ, პრობლემა გაცილებით მაშტაბურია, ვიდრე შესაძლოა ერთი შეხედვით ჩანდეს. ამ ტრაგედიამ ბევრი კითხვა დასვა, მათ შორის მთავარი – რატომ ვერ გრძნობს მოზარდი თავს დაცულად სკოლაში? ხომ არ გახდება მოზარდებისთვის 1 დეკემბრის ტრაგედია შერჩევითი სამართლის და დანაშაულის დაფარვის მაგალითი?
თავად ფაქტი, რომ კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში მოზარდები არ მიმართავენ სკოლის ადმინისტრაციას, არამედ ეძებენ ალტერნატიულ გზებს, პრობლემას თავისთავად აშიშვლებს – სამართალდამცველებთან თანამშრომლობა კვლავ ცუდ ტონად და მიუღებელ ქმედებად ითვლება მოზარდებში; შიდა კონფლიქტები და ბულინგი სკოლებში არათუ პრობლემად რჩება, არამედ ახალი ფორმებით ვლინდება; არ არსებობს ამ მწვავე პრობლემის პრევენციის არანაირი ეფექტური საშუალებები – ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სახელმწიფო პასიური დამკვირვებლის როლშია.

დაჩი შალიკაშვილი
,,ვერსია“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები