რუბიომ და ლავროვმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში შეხვდნენ. შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
მოლაპარაკებების თემები ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციაზე „ახალი და განსხვავებული მიდგომა“ მოისმინა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გააცნობს.
„ჩვენ განვიხილეთ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვმა და რუბიომ უკრაინაში მიმდინარე ომის გარდა, ორმხრივი ურთიერთობები, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და სხვა საერთაშორისო საკითხებიც განიხილეს.