აფბა: ნათია ჯანაშიას ბოიკოტირების კამპანია რევოლუციის დაანონსების მცდელობაა
„ბოლო პერიოდში, ნათია ჯანაშიას მიერ განხორციელებული აქტივობები და მისი მოწოდებები, ძალიან წააგავს იმ პროცესებს, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2024 წელს. ვგულისხმობთ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობის გამოცხადებას და მოწოდებებს ბიზნესების ბოიკოტირებისკენ. ეს მსგავსებები გვაფიქრებინებს, ხომ არ არის ნათია ჯანაშიას მხრიდან მართული ეს პროცესი, სახელმწიფო გადატრიალებისა და რევოლუციის დაანონსების ერთგვარი მცდელობა, რაც დიდი ალბათობით, გარკვეულ პოლიტიკურ მიმართულებებთანაც შესაძლოა იყოს შეთანხმებული“, – ამბობენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ – აფბას ანალიტიკურ სამსახურში. აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
როგორც აფბას ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ნათია ჯანაშია აქტიურ კამპანიას ეწევა ბიზნესების ბოიკოტირების მიმართულებით. ის, ასევე უნდობლობას უცხადებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. კერძოდ, – სასამართლო სისტემას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუსს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ეროვნულ ბანკს და პროკურატურას. საზღვრებს გარეთაც, კერძოდ, ბრიტანეთში, აცხადებს, რომ არ ენდობა ქართულ სასამართლოს, რადგან მას მართავენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქები. საკუთრივ ივანიშვილსაც, ინგლისის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში, მოიხსენიებს ოლიგარქად, რომელმაც ევროპულ კურსს გადაუხვია და ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს და ა.შ.
“ნათია ჯანაშიას დამოკიდებულება სახელმწიფო უწყებებისადმი, ვგულისხმობთ მის უნდობლობას მათდამი, ახალი არ არის. ეს ხაზი მისი კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. მაგრამ ბოლო პერიოდში მას დაემატა საზოგადოებისადმი ღია მოწოდებები, აქტიურ ბოიკოტში შევიდნენ იმ მთელ რიგ მსხვილ და მასშტაბურ ბიზნესებთან, რომლებიც მის პირად ბიზნესდავაში დაკავშირებულნი არიან „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ინვესტორთან.
საუბარია ქვეყნის წამყვან საფინანსო ინსტიტუტებსა და კიდევ სხვა მიმართულების მსხვილ კორპორაციებზე, სადაც დასაქმებულთა საერთო რაოდენობა, შესაძლოა, 100 000-საც კი აღწევდეს. ძნელი წარმოსადგენია, ნათია ჯანაშიას გააზრებული არ ჰქონდეს საკუთარი მოწოდების სიმძიმე, როცა ის საქართველოში დასაქმებულ ათიათასობით ადამიანს ეხება“, – აღნიშნავენ აფბას ანალიტიკურ სამსახურში.
„ჩვენ ერთგვარად დავადარეთ ნათია ჯანაშიას მოწოდებების ხასიათი და მიმართულებები, საქართველოში 2024 წელს, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მიერ წარმოებულ ბოიკოტის კამპანიას. მართალია, მასშტაბები განსხვავდება, თუმცა ხასიათი, სულისკვეთება და მიმართულებები წყლის წვეთივით იდენტურია. მაშინ ოპოზიცია საზოგადოებას მოუწოდებდა ეკონომიკური და ფინანსური ბოიკოტისკენ, საბანკო და ფინანსური ვალდებულებების არშესრულებისკენ, მთელი რიგი ბიზნესებისგან მომსახურების მიღების ბოიკოტისკენ, სახელმწიფო უწყებების პიკეტირებისკენ, სასწავლო პროცესის ჩაშლისკენ და ა.შ. – ეს ყოველივე „მართლდებოდა“ იმით, რომ ბოიკოტის პროცესი დააზიანებდა ხელისუფლებას, გამოაცლიდა საყრდენს და ჩამოშლიდა მის ვერტიკალს, რაც იყო კიდევ პროცესის წარმმართველთა მიზანი“, – აღნიშნავენ აფბას ანალიტიკოსები.
მათივე თქმით, დღეს, ნათია ჯანაშია საზოგადოებას ზუსტად იმავეს მოუწოდებს. „ფაქტია, ნათია ჯანაშია მოუწოდებს საქართველოს უმსხვილესი ბანკის ბოიკოტირებისკენ. იქ ანგარიშების დახურვისკენ, დეპოზიტების მასობრივად გატანისკენ. ასევე, ღიად და დაჟინებით მოუწოდებს საზოგადოებას წამყვანი ფარმაკო-სამედიცინო კომპანიების სერვისებისადმი ბოიკოტირებისკენ.
პროცესთა ეს მსგავსება ძალაუნებურად გვაფიქრებინებს იმ შესაძლებლობის განხილვას, გარდა ნათია ჯანაშიას პირადი მიზნებისა, ამით ეცადოს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დავის საქმეში მისი მოწინააღმდეგის დასუსტებას, ხომ არ არის ეს პროცესი მართული და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის გარკვეულ ნაწილთან შეთანხმებული მცდელობა საზოგადოების მორიგ ჯერზე დატესტვისა. ხომ არ არის ნათია ჯანაშიას მხრიდან მართული ბოიკოტირების ეს კამპანია მორიგი რევოლუციური აქტივობის დაანონსების მცდელობა“, – სვამენ კითხვას აფბას ანალიტიკურ სამსახურში.
„კიდევ ერთი გარემოება გამოიკვეთა 22 ივლისს, ინგლისში გამართულ სასამართლო სხდომაზე, სადაც მოსამართლემ ნათია ჯანაშიას მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, კერძოდ ის, რომლითაც იგი ითხოვს მის მიერ წარდგენილი ექსპერტის დაკითხვას. ამ უკანასკნელმა უნდა დაუმტკიცოს სასამართლოს, რომ რეალობას შეესაბამება ის ფაქტი, რომ ნათია ჯანაშიას უფლებების დაცვას საქართველოში არ აქვს სამართლებრივი პერსპექტივა, რადგან საქართველოში გამეფებულია ოლიგარქია, სახელმწიფო ინსტიტუტები: სუსი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსური პოლიცია, ეროვნული ბანკი, იუსტიციის სამინისტრო და, რაც მთავარია, უკლებლივ ყველა მოსამართლე ექვემდებარება ივანიშვილის ოლიგარქიას. იმ ივანიშვილისა, რომელმაც გადაუხვია ევროპის გზიდან და ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს. და რომ სწორედ ამიტომ ნათია ჯანაშიას სარჩელის სამართლიანად განხილვას საქართველოში პერსპექტივა არ აქვს…
ან როგორ უნდა სცადოს ზემოთ ჩამოთვლილის დამტკიცება, ან როგორ, რა ფაქტებითა და არგუმენტებით უნდა დაარწმუნოს ექსპერტმა ამაში ბრიტანული სასამართლო, ვფიქრობთ, ადეკვატური გონებისთვის, პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თუმცა, ფაქტია, ნათია ჯანაშია ექსპერტს სწორედ იმაში უხდის ჰონორარს, რომ მან საერთაშორისო სასამართლოზე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინოს“, – აღნიშნავენ აფბას ანალიტიკურ სამსახურში.