ნოდარ ხადური: ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვაში დადანაშაულების საფრთხე არ არსებობდა

 

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნოდარ ხადურის განცხადებით, „სიტროენ ჯორჯიასთან“ დაკავშირებით სააგენტომ დოკუმენტაცია დეტალურად შეისწავლა, გამოითხოვა დამატებითი ინფორმაციები და მიიღო დასკვნები.
მისი თქმით, დასკვნა არის სამართლებრივი და სამართლიანი.
„ჩვენ მივიჩნიეთ და ნამდვილად ასეა, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვაში დადანაშაულების არანაირი საფრთხე არ არსებობდა და ამას ადასტურებს ყველა ტენდერი, რომელიც „სიტროენ ჯორჯიამ“ გაასაჩივრა“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე თქმით, ვერანაირად დასტურდება, რომ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა რამენაირად შეზღუდა ან შეეძლო თუნდაც თეორიულად შეეზღუდა ეს ტენდერები.
„ჯანდაცვის სამინისტრო პრაქტიკულად ერთი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა ტენდერების ჩატარებას. ექვსი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანის შესაძენად ჩატარდა ოთხი ტენდერი. ოთხივე ტენდერი გაასაჩივრა „სიტროენმა“ და ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ტენდერები ჩაშალა, შემდეგ „სიტროენის“ მოთხოვნა იყო რომ “ქრაშ ტესტი” ამოღებულიყო მოთხოვნიდან. ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლოს ერთი წელი რომ ვერ ჩაატარა ტენდერი, მიიღო გადაწყვეტილება, ამოეღო “ქრაშ ტესტი” და მეხუთე ტენდერიც ჩაიშალა იმის გამო, რომ არც ერთი ორგანიზაცია საერთოდ არ შევიდა ტენდერში. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ისევ სასწრაფოს მანქანებს ეხება, არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვების კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა “სიტროენ ჯორჯიას”, რისი მიზეზიც იყო 12 სხვადასხვა დარღვევა, რომელზეც სიტროენმა ვერ წარადგინა შესაბამისი მოთხოვნა“, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ნოდარ ხადურის განმარტებით, თავიდანვე გამოცხადდა, რომ შესყიდვებში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონოდა ბაზარზე ერთი წლის მუშაობის გამოცდილება. „სიტროენმა“ ეს გაასაჩივრა და განაცხადა, რომ აქ ჰქონდა ერთწლიანი გამოცდილება და შეეძლო კარგი ტექნიკის შემოყვანა და დანარჩენი პირობების დაკმაყოფილება.
„ჯანდაცვის სამინისტრომ მოხსნა ეს შეზღუდვა და ამ შემთხვევაშიც გააფართოვა წრე და რეანომობილის აღჭურვის გამოცდილება მოითხოვა. „სიტროენის“ განცხადება იყო, რომ ის უზრუნველყოფდა ფრანგული „სიტროენის“ ლიცენზირებულ სლოვენიურ ან თურქულ კომპანიებში ავტომანქანების გადაკეთებას და აღჭურვას. ამ შემთხვევაშიც ჯანდაცვის სამინისტრომ მოითხოვა 5-წლიანი გამოცდილება, რომ არა „სიტროენს“ არამედ იმ კომპანიას, რომელიც მანქანების აღჭურვილობას უზრუნველყოფდა, ჰქონოდა ​ რეანომობილების გაკეთების, 5-წლიანი გამოცდილება. „სიტროენ ჯორჯია“ დაეთანხმა, მაგრამ უკვე ტენდერის დროს წარმოადგინა უკრაინული კომპანიის ინფორმაცია, რომელსაც ვითომდა ჰქონდა 5-წლიანი გამოცდილება. უკრაინაში გადამოწმების შემდეგ, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ასეთი გამოცდილება ამ კომპანიას არ ჰქონდა, ანუ ეს იყო არასწორი ინფორმაცია, მაგრამ ამის გარდა კიდევ 11 ხარვეზი დაუდგინა შესყიდვების კომისიამ, რომელიც გაასაჩივრა სიტროენმა დავების საბჭოში. დავების საბჭომ უკან დაუბრუნა სატენდერო კომისიას და უთხრა ხელახლა განეხილა, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ეს ხარვეზები არ გამოუსწორებია. შესაბამისად, არ ყოფილა მისი შეზღუდვა, ანუ კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი კონკურენციის სააგენტომ აქაც ვერ დაინახა“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
კონკურენციის სააგენტომ კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დღეს დაუშვებლად ცნო. თუმცა, საჩივრის იმ ნაწილს, სადაც ყურადღება გამახვილებულია ექვსი ეკონომიკური აგენტის მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე, კონკურენციის სააგენტო გამოიკვლევს.
საუბარია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები