ირაკლი ზარქუა: „ოპოზიციას მხოლოდ ის დარჩენია, რომ საზოგადოებას შოუების დადგმით დაამახსოვროს თავი“

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის საკითხზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული ესტაკადის მშენებლობის ტენდერი ჯერ კიდევ 2016 წელს იყო გამოცხადებული, თუმცა მშენებლობის დასაწყებად ხეების მოჭრა იყო აუცილებელი, რის გამოც მერიამ პროექტი შეაჩერა.
ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ დედაქალაქის მერიის ახალი ხელმძღვანელობა ტერიტორიის კერძო მესაკუთრესთან ესტაკადის ასაშენებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. რაც შეეხება ტერიტორიაზე არსებულ ხეებს, ირაკლი ზარქუას თქმით, მათ სხვა ადგილას გადარგავენ.
დეპუტატმა ასევე თბილისის მთავრობის სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლების დასწრებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, საკრებულოს ოპოზიცია არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში თავი ვერაფრით გამოიჩინა და ახლა ცდილობს საზოგადოებას შოუების დადგმით დაამახსოვროს თავი.
„მათ აბსურდულ ბრალდებებზე ჩვენ ყოველთვის არგუმენტირებული პასუხები გვაქვს და ამიტომ შოუების დადგმაზე გადავიდნენ. მათ მერიაში მივარდნები დაიწყეს. ეს იყო ღია კარის მტვრევა, რადგან მათთვის თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრებაში ხელი არავის შეუშლია“ – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები