საფრანგეთის იმ მოქალაქეს, რომელმაც 2015 წლის ტერაქტის მონაწილეებს ბინა მიაქირავა, სასამართლომ განაჩენი უნდა გამოუტანოს

საფრანგეთის მოქალაქე ჯავად ბენდაუდი, რომელმაც საცხოვრებელი ბინა იმ ორ ტერორისტს მიაქირავა, რომლებიც პარიზის 2015 წლის ტერაქტებთან არიან დაკავშირებულნი, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ გამოცემა „ექსპრესი“ იუწყება.
2015 წლის 13 ნოემბერს, ტერორისტების სამმა ჯგუფმა პარიზსა და მის გარეუბან სენ-დენიზე კოორდინირებული თავდასხმები განახორციელეს. სამმა ჯიჰადისტმა „თვითმკვლელის ქამრები“ აამოქმედეს „სტად დე ფრანსის“ სტადიონთან, სადაც საფრანგეთისა და გერმანიას შორის საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა. მეორე ჯგუფმა თავდასხმა პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კაფეებზე და რესტორნებზე მოაწყო. კიდევ სამმა ტერორისტმა საკონცერტო დარბაზი „ბატაკლანი“ ამოიღეს მიზანში. მთლიანობაში ტერორისტების მსხვერპლი 130 ადამიანი გახდა, 350 კი დაიჭრა.
როგორც გამოცემა „ექსპრესი“ წერს, ბენდაუდი 2015 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღეს კი სასამართლომ მის მიმართ განაჩენი უნდა გამოიტანოს. 31 წლის მამაკაცს იმაში სდებენ ბრალს, რომ მან თავდასხმების კოორდინატორს, ბელგიელ აბდელჰამიდ აბაუდს და კიდევ ერთ ტერორისტს შაკიბ ახრუკს მიაქირავა თავისი ბინა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, ბენდაუდი არაერთხელ აცხადებდა და დღესაც ირწმუნება, რომ არ იცოდა, თუ ვის მიაქირავა ბინა. ამ გახმაურებული საქმის პროცესი პარიზში დღეს, დღის განმავლობაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები