“ქალაქს, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ, შესაბამისი ევროპული სტანდარტის სატრანსპორტო პოლიტიკა სჭირდება”
“ქალაქს, რომლსაც არაერთი საერთაშორისო კომპეტენტური გამოცემა რეკომენდაციას უწევს, როგორც ტურისტების მიერ აუცილებლად მოსანახულებელ ადგილს, შესაბამისი ევროპული სტანდარტის სატრანსპორტო პოლიტიკა სჭირდება”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ის თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელიც ტაქსების მომსახურეობის გაუმჯობესებას ეხება. როგორც მან აღნიშნა, საგანგებო ყურადღებას მოითხოვს მომსახურეობის კულტურის დონე, მათ შორის კერძო სატრანსპორტო საშუალებებში.
“ამ მხრივ ბევრი პრობლემაა დასარეგულირებელი. საგულისხმოა, რომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი ჩვენი თანამოქალაქეების მოსაზრებებს ეფუძნება. ვფიქრობ ამ სტრატეგიაში უმნიშვნელოვანესი ნაწილი გარემოს დაბინძურების დონის შემცირებაა. ჩვენი ბავშვები არ უნდა სუნთქავდნენ გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერს. საგანგებო ყურადღებას მოითხოვს მომსახურეობის კულტურის დონეც, მათ შორის კერძო სატრანსპორტო საშუალებებში. ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების გამოჩენას, გამონათებასავით ეფექტი ჰქონდა და დარწმუნებული ვარ ეს ტენდენცია შეუქცევადი და მასშტაბური იქნება. არაერთი სხვა პრობლემაც აქვს ჩვენს ქალაქს”,-აღნიშნა ვოლსკიმ.
მან თბილისის მერიის საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობასაც გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ კახა კალაძე მერიის პროფესიონალ გუნდთან ერთად ადვილად გამოარჩევს ღირებულ შენიშვნებს პოლიტიკურად ანგაჟირებული წამოძახილებისგან.
“გულწრფელად განვიცდი იმას, რომ მერიის ახალი გუნდისადმი ოპონირება არა საუკეთესო გადაწვეტილებების ძიებაზე, არამედ დაპირისპირებების შექმნაზეა ორიენტირებული. არც დღევანდელმა შესანიშნავმა პრეზენტაციამ ჩაიარა როყიო განცხადებებით პოზიტიურის გადაფარვის მცდელობის გარეშე. ისეთი განცდა მაქვს, რომ რაც მეტი იქნება ინიციატივები, უფრო აგრესიული გახდება უმცირესობაში დარჩენილთა აქტივობები. დარწმუნებული ვარ კახის მეთაურობით მერიის პროფესიონალური გუნდი ადვილად გამოარჩევს ღირებულ შენიშვნებს პოლიტიკურად ანგაჟირებული წამოძახილებისგან”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.