კონკურენციის სააგენტო: ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რეანომობილების შეძენასთან დაკავშირებით, მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს

კონკურენციის სააგენტო აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რეანომობილების შეძენასთან დაკავშირებით, მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, კონკურენციის სააგენტომ დაამუშავა მიღებული ინფორმაცია და დაადგინა რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვასთან დაკავშირებით, მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს, შემდეგი გარემოებების გამო:

სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა ტენდერის გამოცხადებამდე წარმოებული ბაზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, მომჩივანმა ითხოვა ტენდერში მონაწილე კომპანიის სავალდებულო გამოცდილების  ამოღება სატენდერო პირობებიდან, რათა მას, როგორც ბაზარზე ახლად შემოსულ კომპანიას, ჰქონოდა ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მოთხოვნა დააკმაყოფილა სამინისტროს სატენდერო კომისიამ, რაც გამორიცხავს ბრალდებას, რომ სამინისტროს არ სურდა შპს „სიტროენ ჯორჯიას“  მონაწილეობა ხსენებულ ტენდერში. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას – ავტომობილების შესაბამისი აპარატურით აღჭურვის (რეანიმობილად გადაიარაღების) კუთხით 5 წლიანი გამოცდილების აუცილებლობის შესახებ, ბაზრის წინასწარი კვლევისას შპს „სიტროენ ჯორჯიას“ პრეტენზია არ გამოუთქვამს. ტენდერის პროცესში მან წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც არასწორ ინფორმაციას შეიცავდა „სიტროენ ჯორჯიას“ პარტნიორი უკრაინული კომპანიის რეესტრში რეგისტრაციასთან და შესაბამისად 5 წლიან გამოცდილებასთან დაკავშირებით (ხსენებული გადამოწმდა უკრაინის შესაბამის უწყებებთან). აღნიშნულ და სხვა სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, სატენდერო კომისიამ მოახდინა შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია, რაც კომპანიამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში..

ამდენად, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, სააგენტო მიიჩნევს, რომ მომჩივანი სათანადოდ ვერ ასაბუთებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტს და შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებს გონივრული ეჭვის სამართლებრივ სტანდარტს, რომელიც მოკვლევის დაწყების აუცილებელი წინაპირობაა“,- ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები