მაია ბითაძე: პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ტრაფარეტი და საქმიანობის დამადასტურებელი ნებართვა დასჭირდებათ

თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ტაქსების რეგულირების საკითხზე, მედიის წარმომადგენლებთან ვრცლად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პირველ ეტაპზე ტაქსების რეგულირება რეგისტრაციის ნებართვის აღების ძალიან მარტივ ფორმას, ტრაფარეტის აღებას და ამ საქმიანობის დამადასტურებელი ნებართვის მოთხოვნას მოიცავს, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები.
მისივე თქმით, ყოველივე ეს იმისთვისაა, რომ გადავიდეთ ე.წ. M1 კატეგორიის ტაქსის, როგორც სამგზავრო სატრანსპორტო საშუალების რეგულაციაზე.
“ეს არის თემა, რომელიც წლების განმავლობაში დაურეგულირებელი იყო. ვიწყებთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. პირველი ეტაპი ტაქსების რეგულირება მოიცავს რეგისტრაციის ნებართვის აღების ძალიან მარტივ ფორმას, რომელიც ტვირთად არ დააწვება ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. იქნება მოთხოვნა, რომ მათ ჰქონდეთ ტრაფარეტი და ის ნებართვა, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. ეს არის საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს ჩვენი ავტორობით წარედგინება და გააჩენს სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეძლოს შესაბამისი სანებართვო ფორმის დამზადება, სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც კონკრეტულად დროში გაწერს 2018 წლის რომელი თვიდან დაიწყება ტაქსისთვის ნებართვების გაცემა. ეს არის ძალიან მარტივი რეგულაცია იმისთვის, რომ ჩვენ გადავიდეთ ე.წ. M1 კატეგორიის ტაქსის, როგორც სამგზავრო სატრანსპორტო საშუალების რეგულაციაზე, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, რითაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ტურისტებმა, რომლებიც ჩვენს ქალაქში ჩამოდიან, კომფორტულად უნდა ისარგებლონ. ეს რეგისტრაცია ნებაყოფლობითია”,-აღნიშნა მაია ბითაძემ.
მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს მხოლოდ ტრაფარეტის ქონის ვალდებულება ექნებათ, რაც მათ იდენტიფიცირებას მოახდენს.
“ჩვენ გვექნება პერიოდი, როდესაც დავაანონსებთ, რა ფორმით უნდა მოხდეს ნებართვის აღება და ეს სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ მოხდება. რადგან ეს ბაზარი არ არის არც აღრიცხული, არც დარეგულირებული, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც გადაწყვეტს, რომ ამ საქმიანობის გაგრძელება უნდა, უნდა მოგვმართოს რეგისტრაციისთვის პირადობის და მართვის მოწმობის წარმოდგენით. მერია გასცემს შესაბამის ნებართვას. პირველ ეტაპზე ამ ადამიანებს მხოლოდ ტრაფარეტის ქონის ვალდებულება ექნებათ, რაც მათ იდენტიფიცირებას მოახდენს. აქ არ არის თანხების გადახდაზე საუბარი. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის მიმართული იმაზე, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ თანხების მობილიზება ან ამოღება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იქნება ეს ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი თუ მსუბუქი ავტომობილი, უნდა იყოს უსაფრთხო და კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის მანქანის ტექნიკური გამართულობის, სანიტარულ-ტექნიკური ნორმებისა თუ თვითონ მძღოლების უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით.
მეორე ეტაპზე, რასაც 1 წლამდე ვადა შეიძლება დასჭირდეს, შევეცდებით ტექნიკური დათვალიერების პარალელურად, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ტაქსით მომსახურება”, – განაცხადა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები