კახა კალაძე: სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის ტაქსების მომსახურებაზე გარკვეული სტანდარტი დაწესდება (ვიდეო)
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ კუთხით ბევრი ცვლილება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს საცობებისგან გათავისუფლებას. მან ასევე, ტაქსების მომსახურეობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მერია მათი მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს და ეტაპობრივად დაწესდება გარკვეული სტანდარტები.
“ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვგეგმავთ, მეტროს რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას, იმისთვის, რომ გადაადგილების დრო შევამციროთ, გავზარდოთ მგზავრთა რაოდენობა. ავტობუსების პარკის გაზრდასაც ვაპირებთ, ეკოლოგიური ტრანსპორტით ჩავანაცვლოთ, ასევე ვაპირებთ ე.წ ბასლაინების მოწყობას. სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის იქნება დასუფთავების მანქანების სპეციალური გრაფიკით მოძრაობა, მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია, სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეც-რეჟიმების განსაზღვრა და სხვა. ტრანზიტული მოძრაობის დასარეგულირებლად ვფიქრობთ, რომ ჯარიმა უნდა გაიზარდოს 500 ლარამდე და ეს უკვე ჩადებულია ჩვენს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში. კიდევ ერთი საკითხი რაც გვგონია, რომ მნიშვნელოვანია, ეს არის ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტის დამკვიდრება. კიდევ ერთი სიახლეა ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის ნებართვა ეს იქნება სავალდებულო. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის გაუმჯობესებას. იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს”,-განაცხადა კახა კალაძემ.