რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. თავდასხმების სამიზნე ხარკოვის, ოდესისა და სუმის ოლქები გახდა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოდესაში დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დაშავდა სულ მცირე, ხუთი ადამიანი.
სუმის ოლქში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად დაზიანდა საბავშვო ბაღი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულები არ არიან.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ხარკოვისა და სუმის ოლქებში თავდასხმების შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული და გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტები, სადაც ხანძრები გაჩნდა.
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა საჰაერო თავდასხმის საშუალებების გამოყენებით განხორციელდა.
ადგილზე საგანგებო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ, ხოლო დაზიანებებისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.