ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა კიევში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში უკრაინის დედაქალაქში შეხვედრები გამართა. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, ანდრეი პარუბისთან შეხვედრისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე ისაუბრა.

„დონბასის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე და სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვნად  მიგვაჩნია. ამ კონფლიქტში ადამიანური და ჰუმანიტარული ფასი ძალიან მაღალია და ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს კრიტიკული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ არაერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან ჰელსინკის პრინციპების უხეში დარღვევა. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მინსკის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტა”, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

კიევში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და დელეგაციის წევრები აღმასრულებელი და საკანონმდელო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეუთოში უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს და ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები