თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის ასამბლეის სხდომაზე: რეზოლუცია არამხოლოდ პოლიტიკურ, არამედ პერსონალურ მხარდაჭერასაც იმსახურებს

რეზოლუცია, პირადად მისგან არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ პერსონალურ მხარდაჭერასაც იმსახურებს,-ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელმაც ომის შედეგები საკუთარ თავზე გამოცადა და მოწმეა უახლეს წარსულში ჰუმანიტარული კრიზისის, მაშასადამე, ჩემი მხრიდან, ეს რეზოლუცია იმსახურებს არა მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, არამედ როგორც რუსული აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლის პერსონალურ მხარდაჭერასაც”,- განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უკრაინაში ომთან დაკავშირებით მომზადებული სხვა რეზოლუციების იმპლემენტაციის მხრივ აღსანიშნავი პროგრესი არ განხორციელებულა, რაც თამარ ჩუგოშვილის თქმით, ასამბლეისთვის შეშფოთების საფუძველი უნდა იყოს.

„შემოთავაზებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და აღადგინოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, შეუწყვიტოს ყველანაირი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უკანონო შეიარაღებულ ჯგუფებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში და უზრუნველყოს ანექსირებულ ყირიმში მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა და უსაფრთხოება. ეს მოთხოვნები ლეგიტიმურია.

იმთავარი შეკითხვა ისაა, რას გააკეთებს ასამბლეა, თუ მისი რეზოლუციები მომავალშიც იგნორირებული იქნება”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა იძულებით გაადაადგილებული პირების პოლიტიკური და სოციალური უფლებების უზრუნველყოფისა და მათი რეინტეგრაციის ყოვლისმომცველი სტრატეგიის მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას, თამარ ჩუგოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა მინსკის შეთანხმების მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წარმოდგენილი რეზოლუციის ეფექტური იმპლემენტაციისთვის გზას გამონახავს.

„ჩემმა ქვეყანამ-საქართველომ წლების წინ გაიარა ეს პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირების ყოვლისმომცველი სტრატეგიის იმპლემენტაციას უკავშირდება, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ომისგან დაზარალებული ადამიანებისთვის. ჯგუფის სახელით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მინსკის შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოგვარების საგზაო რუკაა. ჯგუფს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლებამ გადახედოს კანონმდებლობას, რათა ის მინსკის შეთანხმებაზე იყოს დაფუძნებული და სრულად უზრუნველყოს დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის სოციალური დაცვა და ჰუმანიტარული საჭიროებები. იმედს გამოვთქვამ, რომ ასამბლეა გამონახავს გზას ამ მნიშვნელოვანი რეზოლუციის ეფექტური იმპლემენტაციისთვის,-განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები