“რადიო თავისუფლების” ქართული ბიურო “რუსთავი 2″– თან იძულებით თანამშრომლობას აპროტესტებს”

“რადიო თავისუფლების” სათაო ოფისის მენეჯმენტი ქართულ ბიუროს “რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებს და ბიუროს დირექტორის, დავით კაკაბაძის სამსახურიდან დათხოვნას ცდილობს – ამის შესახებ სტატიას BBGWatch აქვეყნებს, რომელიც აშშ–ის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მედიასაშუალებებზე წერს.
BBGWatch იუწყება, რომ “რადიო თავისუფლების” ქართული ბიუროს ჟურნალისტები ჩივიან, რომ ღია, კოლეგიალური დისკუსიის ნაცვლად, ისინი მენეჯმენტის მხრიდან გაუმჭვირვალე კრიტიკის სამიზნე არიან ანონიმური “ექსპერტების” საშუალებით.
მენეჯერები აცხადებენ, რომ “ამ ექსპერტებთან” თანამშრომლობენ, თუმცა ექსპერტების ვინაობა ბიუროსთვის უცნობია.
“მმართველობის ამგვარი სტილი კომუნისტური იუგოსლავიის, ან საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მედიისთვის უფროა დამახასიათებელი, მაგრამ არაა დამახასიათებელი აშშ–ის გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებული “რადიო თავისუფლებისა” და მმართველთა სამაუწყებლო საბჭოსთვის. ეს არის ძლიერი სამხილი იმისა, რომ რადიო თავისუფლების მენეჯმენტი განაწყენებულია ქართულ ბიუროზე “რუსთავი 2″–თან თანამშრომლობაზე არდათანხმების გამო და ბიუროს დირექტორის [დავით კაკაბაძის] დათხოვნას ცდილობს”, – წერს BBGWatch 22 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში.
BBGWatch არის კერძო მედიასაშუალება, რომელსაც ყოფილი და მოქმედი საერთაშორისო ჟურნალისტები მართავენ. ისინი ანაზღაურების გარეშე, მოხალისეობრივად მუშაობენ და ცდილობენ, რომ კონტროლი გაუწიონ ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების მუშაობას საზღვარგარეთ. ასეთი მედიასაშუალებებია “რადიო თავისუფლება”, “ამერიკის ხმა”.
გამოცემა იუწყება, რომ არაერთმა წყარომ ვაშინგტონიდან და თბილისიდან შეატყობინა, რომ “რადიო თავისუფლების” მთავარი მენეჯმენტის ზეწოლა რადიოს ქართულ ბიუროზე გამოწვეულია იმით, რომ ბიურო ეწინააღმდეგება ხელმძღვანელობის სურვილს, ითანამშრომლონ “რუსთავი 2″–თან.
“თბილისიდან გვაცნობეს, რომ “რადიო თავისუფლების” ქართული ბიუროს ჟურნალისტებს კარგად ესმით, რომ თანამშრომლობა, რომელსაც ისინი ეწინააღმდეგებიან, უფრო დიდ აუდიტორიაზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს, თუმცა “რადიო თავისუფლების” ქართველი მაუწყებლები ამბობენ, რომ უმთავრესად მნიშვნელოვანია, დაიცვან სანდო და მიუკერძოებელი მედიასაშუალების რეპუტაცია. “რადიო თავისუფლების” ქართული ბიუროს ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ასრულებს მნიშვნელოვან როლს მედიაგარემოს პოლარიზაციის შენარჩუნებაში. აშშ–ის გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებული მედიასაშუალება არ უნდა იყოს დაკავშირებული მსგავს პარტიზანულ მედიასაშუალებებთან”, –წერია BBGWatch–ის წერილში, რომელიც 22 იანვარს გამოქვეყნდა.
სტატიის მიხედვით, მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები არგუმენტით, რომ ეს თანამშრომლობა რადიოს სანდოობას დაუკარგავს. გამოცემამ მიუთითა, რომ “რუსთავი 2” ბევრისთვის მიიჩნევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფ ტელევიზიად.
“რუსთავი 2″–თან და კიდევ ერთ ადგილობრივ ტელევიზიასთან თანამშრომლობით დაინტერესებულია “რადიო თავისუფლების” ვიცე–პრეზიდენტი ნენად პეჯიკი, წერია სტატიაში. გამოცემა იუწყება, რომ რადიო თავისუფლების ქართულენოვანი ბიუროს ჟურნალისტებმა, ბიუროს ხელმძღვანელ დავით კაკაბაძესთან ერთად წერილობით მიმართეს მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს ჯონ ლანსინგს და მის მოადგილეს ჯეფ ტრიმბლს.
მმართველთა სამაუწყებლო საბჭო არის აშშ–ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც სუპერვიზიას უწევს ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ უცხოეთში მომუშავე მედიასაშუალებებს: “ამერიკის ხმას”, “რადიო თავისუფლებას”, “რადიო–ტელევიზია მარტის”, “რადიო თავისუფალ აზიას”, “შუა აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელს”.
BBGWatch–ის ცნობით, ჟურნალისტებმა წერილში მიუთითეს, რომ რადიო თავისუფლების მენეჯმენტის მხრიდან ქართულ ბიუროზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა ძალდატანება, უსამართლო მოპყრობა და თავდასხმები.
BBGWatch აკრიტიკებს “რადიო თავისუფლების” დირექტორს თომას კენტს და მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს დირექტორ ლანსენს სუსტი მმართველობისთვის. მედიასაშუალება წერს, რომ პრაღაში, “რადიო თავისუფლების” სათაო ოფისში არსებული კრიზისი 2012 წელს შექმნილი კრიზისის გაგრძელებაა, როდესაც “რადიო თავისუფლების” რუსულენოვან ბიუროში დაიწყო მასობრივი დათხოვნები.
“მსგავსი სცენარი, დიდად მოსალოდნელია, რომ კვლავ გათამაშდეს რადიო თავისუფლებაში”, – წერს მედიასაშუალება.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია “რადიო ფარდას”, “რადიო თავისუფლების” ირანულენოვან ბიუროში შექმნილ კრიზისზე. “რადიო ფარდას” აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იგი იმეორებს ირანის რეჟიმის პროპაგანდას. ასევე მითითებულია, რომ “ამერიკის ხმამ” დაკარგა სანდოობა ჩინეთში, დირექტორის ამანდა ბენეტისა და სხვა ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებების შედეგად.
BBGWatch–ს მიაჩნია, რომ მაუწყებელთა საბჭო უძლურია, წინ აღუდგეს ამ ტენდენციას. სტატიაში მითითებულია, რომ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები, რომლებიც ღელავენ მედიასაშუალების მისიაზე, აცხადებენ, რომ ახლა უპირატესობა სოციალური მედიის “მოწონებებს” ენიჭება. ისინი ამბობენ, რომ მენეჯერების სურვილი, მეტი რეიტინგი მოიხვეჭონ, საფრთხეს უქმნის “რადიო თავისუფლების”, “ამერიკის ხმის” და სხვა მედიების ავტორიტეტს საქართველოში, ირანში, რუსეთსა და ჩინეთში.
როგორც ირკვევა “ნეტგაზეთი” ცდილობს დაუკავშირდეს “რადიო თავისუფლების” თბილისის და პრაღის ბიუროებს, რათა გააკრვიოს რა ტიპის ზეწოლა მიმდინარეობს მათზე სათაო ოფისის მენეჯმენტის მხრიდან, რა ტიპის თანამშრომლობა სურს მენეჯმენტს “რუსთავი 2″–თან და მართლაც სურს თუ არა მთავარ მენეჯმენტს თბილისის ბიუროს დირექტორის, დავით კაკაბაძის თანამდებობიდან დათხოვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები