თეთრაძის საქმის მოწმე: რომ მცოდნოდა იარაღი დატენილი იყო, ახალაიას ვასროლინებდი, ჩემი წამება რომ დასრულებულიყო

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. საქმე ეხება მეგის ქარდავას მიმართ ბრალდებას, რომელზეც მეორე ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ოქმში, ერთ–ერთი მოწმე დავით ლონდარიძე, რომელიც სერგო  თეთრაძესთან ერთად დაკავებული იყო ჯაშუშობის ბრალდებით, წამების დეტალებს იხსენებს.

“შემიყვანეს ოთახში და ბაჩო ახალაის უთხრეს, რომ მე ვიყავი მოღალატე. ამოიღო იარაღი, ჩამარტყა და მითხრა, პირი გააღეო. ჩამიდო იარაღის ლულა და მიყვიროდა, ახლავე აღიარე, თორემ მოგკლავო. მერე გამიყვანეს იქითა ოთახში და მცემეს. როდესაც იარაღის ლულა პირში მედო, რომ მცოდნოდა დატენილი იყო, ვასროლინებდი, რათა ჩემი წამება დასრულებულიყო”,- წერია ლონდარიძის ჩვენებაში.

ლონდარიძე ჰყვება, თუ როგორ აიძულა სამხედრო პოლიციის იმჟამინდელმა უფროსმა მეგის ქარდავამ აღიარებითი ჩვენების მიცემა. მოწმე ამბობს, რომ  მეგის ქარდავა გაუპატიურებით დაემუქრა, რის შემდეგაც ის დათანხმდა, ეღიარებინა მოგონილი ბრალდება.

“როცა ვაღიარე, აირჩიეს სამი კაცი, რომლებიც თითქოს ჩემთან ერთად ჯაშუშობდნენ. მითხრეს, თითქოს თეთრაძის აგენტი ვიყავი და ინფორმაციას ვაწვდიდი. მითხრეს, გვარი მოიგონეო და ვთქვი ჟუკოვი, თითქოს 1992 წელს გადამიბირა ჟუკოვმა და რუსეთის აგენტი ვიყავი”,- აღნიშნულია ჩვენებაში.

დავით ლონდარიძემ გლდანის მერვე საპყრობილე პოლიტპატიმრის სტატუსით 2012 წლის 13 იანვარს  დატოვა.

აღსანიშნავია, რომ „კვირამ“  დავით ლონდარიძესთან  2014 წელს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუში ლონდარიძე ჰყვება, თუ როგორ აიძულეს მას თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და სამხედრო პოლიციის უფროსმა მეგის ქარდავამ აღიარებითი ჩვენების მიცემა.

ინტერვიუ იხილეთ შემდეგ ბმულზე:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები