ექსკლუზივი: სექსუალური ძალადობის მუქარით მიღებული ჩვენება და ჯაშუშობის ბრალდება

რას უყვებაკვირასსერგო თეთრაძის საქმის მოწმე და რაში ადანაშაულებს ის ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას?

გლდანის საპყრობილეში დაღუპულ სერგო თეთრაძესთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულმა ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ლონდარიძემ, “კვირას“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ის თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე გამართულ დასკვნით სასამართლო პროცესზე უკვე დაიკითხა.
ინტერვიუში ლონდარიძე ჰყვება, თუ როგორ აიძულეს მას თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და სამხედრო პოლიციის უფროსმა მეგის ქარდავამ აღიარებითი ჩვენების მიცემა. მისი თქმით, ის 2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციაში გამოიძახეს და პირდაპირ მეგის ქარდავას კაბინეტში შეიყვანეს, სადაც მეგის ქარდავამ მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის აღიარება მოსთხოვა. მოგვიანებით კი მასთან თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია მივიდა, რომელმაც, მეგის ქარდავას მსგავსად, აღიარებითი  ჩვენების მიცემა აიძულა და იარაღით დაემუქრა. ლონდარიძე სასტიკი ცემა-წამების შემდეგ დაინვალიდდა და ხელჯოხის გარეშე გადაადგილება უჭირს. მან იმჟამინდელ გამოძიებას იძულებითი  აღიარებითი ჩვენება მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც სექსუალური ძალადობით დაემუქრნენ.
ლონდარიძის თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა ოჯახმა რუსთავში არსებული მიწის ნაკვეთის მიყიდვაზე ინვესტორს უარი უთხრა.
ყოფილი პოლიტპატიმარი აცხადებს, რომ ინვესტორის უკან “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იდგნენ. პირველად შეხვედრისას, სწორედ ხსენებული მიწის ნაკვეთის დათმობა აიძულა მეგის ქარდავამ, რასაც ლონდარიძე არ დასთანხმდა, რადგან ნაკვეთი დედამისს ეკუთვნოდა. ამას მოჰყვა მეგის ქარდავას მხრიდან სხვადასხვა ბრალდება, მას ჯერ ნარკოტიკების მოხმარება-რეალიზაციას აბრალებდნენ, მოგვიანებით კი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. ლონდარიძე აცხადებს, რომ მისგან არამხოლოდ აღიარებითი ჩვენების მიცემას, არამედ ჯაშუშობაში სხვა პირების მხილებასაც მოითხოვდნენ. ლონდარიძეს სამხედრო პოლიციაში ჩამოართვეს ტელეფონი, საიდანაც სერგო თეთრაძისა და რამდენიმე ადამიანის ნომერი ამოიწერეს. იმავე დღეს, გამთენიისას, რამდენიმეკაციანი ჯგუფი თეთრაძის ბინაში შევარდა და ის დააპატიმრეს. ლონდარიძე იხსენებს, რომ რადგან გამოძიებას აღიარებითი ჩვენება არ მისცა, მას სასტიკად აწამებდნენ, ძირითადად კი, თავის არეში ურტყამდნენ.
„თავიდან, როდესაც დამაკავეს და სამშობლოს ღალატის ბრალდება წამიყენეს, გულწრფელად მეგონა, მეხუმრებოდნენ, ან რაღაც გაუგებრობაში მოვყევი, ვიხუმრე რა ხდება „ენვერი-2 დაიწყო“- მეთქი? იმდენად სასტიკად მაწამებდნენ, რომ ახლა გახსენებაც მიჭირს… დღეს ხელჯოხით იმიტომ კი არ დავდივარ, რომ კიდური მტკივა… უბრალოდ, წონასწორობას ვერ ვიცავ. ამ წამების შემდეგ მეორე ჯგუფის ინვალიდად ვიქეცი. აღიარებითი ჩვენება მარტო იმიტომ მივეცი და თეთრაძესთან „თანამშრომლობასაც“ მოვაწერე ხელი, რომ სექსუალური ძალადობით დამემუქრნენ, თორემ ყველანაირ ცემას გავუძლებდი მაინც…“, – იხსენებს „კვირასთან“ ინტერვიუში დავით ლონდარიძე.
2011 წელს, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძის გარდა, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშური ქსელის ჩამოყალიბებაში ბრალი კიდევ სამ ადამიანს წაუყენეს, მათ შორის: სერგო თეთრაძეს, გია გორელიშვილს და სერგო ჩაპალკინს. თეთრაძის გარდა, დანაშაული ყველამ აღიარა და, როგორც ლონდარიძე ამბობს, მაშინდელ გამოძიებას ხელი ყველამ მხოლოდ იმიტომ მოუწერა, რომ მათ გაუპატიურებით დაემუქრნენ. სასამართლომ ამ საქმეზე უკვე დაჰკითხა არაერთი მოწმე, მათ შორის დავით ლონდარიძე, რომელიც დეტალურად მოყვა მისი დაკავებისა და წამების ეპიზოდების შესახებ და დამნაშავე პირების სათანადო დასჯას კატეგორიულად ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ სერგო თეთრაძე გლდანის №8 დაწესებულებაში დაკავებიდან 5 დღეში გარდაიცვალა. მაშინდელი ოფიციალური ვერსიით, მიზეზი გულის შეტევა გახდა.
სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე, 2011 წლის სექტემბერში დაიწყო გამოძიება, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბერს, მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, დანაშაულის არ არსებობის გამო შეწყდა. 2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა ს. თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა განაახლა გამოძიება. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების მონაწილეობით, სერგო თეთრაძე, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, არაერთხელ სცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება, რის შედეგადაც, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, სერგო თეთრაძე, ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა.
2013 წლის 14 იანვარს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს და შემდგომში ამ დეპარტამენტის უფროსს მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს – ვიქტორ ყაჭეიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით ბრალდება წარედგინათ. 2013 წლის 16 იანვარს სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს მეგის ქარდავას და გლადანის №8 საპყრობილის ხელმძღვანელობას: ალექსანდრე მუხაძეს, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მეგის ქარდავას და ალექსანდრე მუხაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ, ოლეგ ფაცაცია და ვიქტორ ყაჭეიშვილი კი პატიმრობაში ციხის სკანდალთან დაკავშირებულ წამების ბრალდებაზე უკვე იმყოფებიან.
2012 წლის 13 იანვარს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა დავით ლონდარიძემ გლდანის მერვე საპყრობილე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები