გიორგი გვარაკიძე: პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა უცხო ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სტრუქტურებთან როგორც ოპერატიულ, ისე სტრატეგიულ დონეზე

პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა უცხო ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სტრუქტურებთან როგორც ოპერატიულ, ისე სტრატეგიულ დონეზე, გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე კოორდინირებული რეაგირების მიზნით – განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტისთვის პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

გენერალური პროკურორის თქმით, საანგარიშო პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მექანიზმები. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანაში სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით მოთხოვნა გაიგზავნა 288 საქმეზე, ხოლო უცხო სახელმწიფოებიდან მიღებულ იქნა 1829 შუამდგომლობა. ამასთან, უცხოური ონლაინ მომსახურების მომწოდებლებისგან ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების მიზნით 209 მოთხოვნა გაიგზავნა, რომელთა 87 პროცენტი დაკმაყოფილდა.

მისივე თქმით, წლის განმავლობაში გაიმართა 23 სამუშაო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან, გაგრძელდა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პოლიციურ დანაყოფებთან, ასევე გაიზარდა სამართლებრივი დახმარებისა და ექსტრადიციის სფეროში საქართველოს პარტნიორი და ხელშემკვრელი სახელმწიფოების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანობას.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები