“სტამბულის ბაზრობის” მეწილე, რომელიც დღეს მოკლეს, სოსო ქუთათელაძეა

რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, რომელიც დღეს საღამოს იარაღით მოკლეს, სამსონ (სოსო) ქუთათელაძეა.

ყოფილი პარლამენტარი და გენერალი, სამსონ ქუთათელაძე საჩხერეში 1964 წლის 4 მაისს დაიბადა.

სამსონ ქუთათელაძე 1991 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა.
2001 წლამდე იგი საჩხერის ბატალიონში ირიცხებოდა.
2001 წლიდან ეროვნული გვარდიის შემადგენლობაშია.
2004-2006 წლებში იყო ეროვნული გვარდიის სარდალი.
2008 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
პარლამენტში არჩეულია როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთის ომში სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში.
გავლილი ჰქონდა სამხედრო კურსები და წვრთნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთში.
იგი დაჯილდოებული იყო
• ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.
• მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის
• აშშ-ის ჯორჯიის შტატის მედალი განსაკუთრებული ღვაწლისთვის
• აშშ არმიის დეპარტამენტის მიერ გაცემული მედალი საბრძოლო მიღწევებისთვის
• აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება;
• საჩხერის საპატიო მოქალაქე
• საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი (2008)
• საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო — წმიდა გიორგის ოქროს ორდენი (2010)

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის, შპს ,,ერთობის” ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.
მოკლულია ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, რომლის ცხედარიც სამუშაო კაბინეტში იპოვნეს.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი.

როგორც ,,კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებითაა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები