ომბუდსმენის მოადგილე: პრობლემას წარმოადგენს განმეორებითი ძალადობის ფაქტების პრევენცია

„პრობლემას წარმოადგენს განმეორებითი ძალადობის ფაქტების პრევენცია”, – ამ სიტყვებით ეხმაურება სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ბოლო პერიოდში გახშირებული ოჯახური ძალადობის ფაქტებს. როგორც ომბუდსმენის მოადგილე აცხადებს, ხშირია ძალადობის სასტიკი ფორმები, როგორიცაა – მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები. მისი თქმით, ამ სიტუაციას ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებები და დაცვის მექანიზმების არაეფექტიანობა.
„პრობლემას წარმოადგენს განმეორებითი ძალადობის ფაქტების პრევენცია და ჩვენ ვიცით ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მსხვერპლს მიმართული ჰქონდა პოლიციისათვის, თუმცა ვერ მოხერხდა მისი დაცვა სხვა სასტიკი ძალადობის ფორმებისგან. ამ შემთხვევაში ,პრობლემაა ის, რომ არ ხდება რისკის ადეკვატური შეფასება და ასევე, გამოყენებული დაცვის ღონისძიების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყება არ ინტერესდება, რამდენად საკმარისი აღმოჩნდა მათი ერთჯერადი ჩარევა პრობლემის აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვიცით მხოლოდ შემაკავებელი ორდერების რიცხვი და არ ვიცით იმ ორდერების რიცხვი, რომლებმაც ეფექტიანი შედეგი გამოიღო”,- განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში ოჯახური ძალადობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. 11 იანვარს თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში, კაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეგობარი დაჭრა. დღეს კი შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია ორსული მეუღლის ცემისთვის ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები