არჩილ კაიკაციშვილი GBA-ს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურული რგოლის – არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ 2018 წლის 12 იანვრის სხდომაზე ერთხმად მიიღო, სადაც ასოციაციის ახალშექმნილი სხვა 18 კომიტეტის ხელმძღვანელები და სამუშაო დებულებებიც დამტკიცდა.
GBA-ის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის მიზანია ადვოკატთა პროფესიული გამოცდილების, შესაძლებლობებისა და ინსტიტუციური დიალოგის უზრუნველყოფა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სამოქალაქო უფლებებისა და ინიციატივების ერთობლივი გაძლიერება, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის განმტკიცება.
ამ ამოცანების განსახორციელებლად, კომიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, ქმნის პროფესიულ ბაზას და უზრუნველყოფს მათ მოწვევას და ჩართულობას ინიცირებულ საკითხებზე, შეისწავლის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა მომართვებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის საკითხებზე, პროფესიული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი წინადადებების განხილვის ან/და ადამიანის უფლებების საკითხზე და ახდენს შესაბამის რეაგირებას მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, ამზადებს შესაბამის დასკვნებს, კვლევებს, ანგარიშებს, პროექტებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს, როგორც პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციურ განვითარებასა და სამოქალაქო სექტორის დაცვის საკითხებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აწყობს ფორუმებს, სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს. თანამშრომლობს ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უზრუნველყოფს მათი გამოცდილების გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, ამზადებს საკანონმდებლო წინადადებებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, ასევე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით წარსადგენად. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსთვის შეიმუშავებს საჯარო განცხადებების პროექტებს კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე, საერთო მიზნებისა და ამოცანების უზრუნველყოფის მიზნით, თანამშრომლობს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და მედიასთან.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, Gba-ს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის თანათავმჯდომარედ, ასევე ერთხმად, არჩეულ იქნა ადვოკატი მარიამ საბიაშვილი. კომიტეტის დებულების თანახმად, კომიტეტს ჰყავს თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი საბჭო. ისინი აირჩევიან კომიტეტის უფლებამოსილების ვადით. კომიტეტის დანარჩენ წევრებს ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით.
კომიტეტი შედგება არანაკლებ 7 და არაუმეტეს 15 ადვოკატი წევრისაგან. ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, კომისიაში მოიწვიოს სხვადასხვა დარგის ექსპერტები და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, როგორც სასამართლო სისტემიდან, ასევე, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან.
არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს მადლობა გდაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ კომიტეტი თავის მოვალეობებს ნაყოფიერად შეასრულებს. კომიტეტის წევრების დაკომპლექტებაც და შემდგომი შერჩევაც, რეგისტრირებული განაცხადების შემდეგ, კანდიდატთა გამოცდილების საფუძველზე მოხდება.
არჩილ კაიკაციშვილს გააჩნია სამოქალაქო სექტორში საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილება. 2010 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით, არის არაერთი ცნობილი და პრეცედენტული სასამართლო დავის წარმომადგენელი, წარმოადგენს სხვადასხვა თემატური კოალიციის, არასამთავრობოთა ალიანსისა და სამართლის საკითხებზე შექმნილი კომისიების წევრს, არის სხვადასხვა პროექტის სამართლის ექსპერტი და კონსულტანტი. ამასთან, ის კომიტეტის თავმჯდომარეობასთან ერთად, გააგრძელებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები