ზურაბ ჯაფარიძე: საპატრიარქოს განცხადება ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტისთვის მორიგი გამოცდა იქნება

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საპატრიარქოს იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას წინააღმდეგ გამოვიდნენ.
მისივე თქმით, ეს მორიგი გამოცდა იქნება პარლამენტისთვის – აირჩევენ საღ აზრს, მეცნიერულ მიდგომას და ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილებას თუ დაემორჩილებიან ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მოწოდებას, რომელიც ლევან ვასაძის კონსპირაციულ თეორიებს და ირაციონალურ შიშებს ეფუძნება.
„ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენ ხანსაც არ უნდა გაიწელოს ეს ცივილიზაციური კონფრონტაცია, კონკრეტულად ორი რამე დღესვე არის გარდაუვალი: მარიხუანაზე კონკრეტულად გვაქვს ახალი რეალობა და ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. პოლიტიკის მიმართულება უკვე განსაზღვრულია. მარიხუანასთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დადო გადაწყვეტილება – ამ ქვეყანაში ადამიანს ვეღარ დასჯიან მარიხუანას მოხმარების გამო, რადგან ეს არის მისი თავისუფლების ნაწილი. ცალკე თემაა მძიმე ნარკოტიკები, რომლის მოხმარების გამო ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი სოციალური ჯგუფი თუ ინსტიტუტი, მათ შორის არც საპატრიარქოც, რომელიც რაიმე ფორმით ამართლებს მოხმარების გამო ადამიანების საპყრობილეებში წლობით გამოკეტვას“, – აცხადებს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, მინიმუმ ეს არის გასაკეთებელი ახლავე, დღესვე, ელემენტარული საღი აზრის საკითხია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები