საჩხერის სამედიცინო ცენტრი და მისი „ჯანსაღი ცხოვრების ელჩი“ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის
საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სკოლებში მიმდინარეობს პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების ელჩი“, რომლის მიზანია სასკოლო ასაკის ბავშვებში ჯანსაღი კვების და ჰიგიენური ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება და აუცილებელი ჩვევების ჩამოყალიბება. ასევე, მოსწავლეთა პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება.
პროექტს ახორციელებს საჩხერის სამედიცინო ცენტრი, განათლების მინისტრთან შეთანხმებით.
10 იანვარს, საჩხერის სამედიცინო ცენტრმა, ,,გენი ქართულის“ მხარდაჭერით, მრავალშვილიანი ოჯახების შვილებისთვის, პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების ელჩის“ ფარგლებში, საინტერესო ღონისძიება მოაწყო. ბავშვებმა ანიმაციების მეშვეობით მიიღეს ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. კლინიკის ექიმებმა – ალერგოლოგმა, პედიატრმა და ორთოპედმა – თამაშის პრინციპით გააცნეს მოზარდებს, თუ რა არის ჯანსაღი კვება და რატომ არის აუცილებელი ჰიგიენის დაცვა.
პროექტის ხელმძღვანელი, პედიატრი, ნუტრიციოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო თოთაძე, მიიჩნევს, რომ სასკოლო ასაკის ბავშვების ცნობიერების ასამაღლებლად, ყველაზე ოპტიმალური მეთოდი სწორედ ინფორმაციის თამაშებით მიწოდებაა:
„უკვე მესამე თვეა, მიმდინარეობს ეს პროექტი, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებს ჯანსაღი კვების და ჰიგიენური ნორმების დაცვის შესახებ, ასეთი საინტერესო და სწორი მეთოდებით ესაუბრება და შეასწავლის. ჩემთვის, როგორც პედიატრისთვის, ამ პროექტში თანამონაწილეობა ძალიან საინტერესოა. „ჯანსაღი ცხოვრების ელჩის“ ფარგლებში ბავშვებს საშუალება აქვთ, მიიღონ უფასო კონსულტაციები. ეს პროექტი საჩხერისა და ჭიათურის სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის გაკეთდა და მასში მონაწილე ყველა ბავშვი ჯანსაღი ცხოვრების ელჩი გახდება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იდეის ავტორს, პროექტის ორგანიზატორს, საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელ ეკატერინე ტიკარაძეს.“
საქველმოქმედო ორგანიზაცია „გენი ქართულის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ანთია:
„ჩვენი ორგანიზაცია მრავალშვილიანი დედების მიერ არის დაფუძნებული და ქვეყანაში მრავალშვილიანობის პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენი სურვილია, მცირედით მაინც შევუწყოთ ხელი ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას. „გენი ქართულს“ მთელი საქართველოს მასშტაბით, მრავალშვილიანი ოჯახების ბაზა აქვს შექმნილი და ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე საჩხერეში მცხოვრები თითქმის ყველა მრავალშვილიანი ოჯახი მოვიყვანეთ.
ეს, მართლაც, უნიკალური პროექტია, რისთვისაც ძალინ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იდეის ავტორს და მთლიანად საჩხერის სამედიცინო ცენტრს…
ლაბაძე ხათუნა, მრავალშვილიანი დედა:
„ღონისძიება იყო ძალიან შთამბეჭდავი და ბევრი ინფორმაციის მომცველი. მეც და ჩემს შვილებს ძალიან მოგვეწონა და ემოციებს ვერ ვმალავდით. მრავალშვილიანი ოჯახები არ ვართ
განებივრებულები ასეთი ღონისძიებებით და მინდა, დღევანდელი დღისთვის დიდი მადლობა გადავუხადო საჩხერის კლინიკას. კარგი იქნება, თუ მსგავსი ღონისძიებები ხშირად გაიმართება.“
ცნობისათვის, საჩხერის სამედიცინო ცენტრის საპილოტე პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების ელჩი“ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სკოლებში უკვე სამი თვეა, მიმდინარეობს.
პროექტი გაგრძელდება მანამ, სანამ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ყველა სკოლას მთლიანად არ მოიცავს. დასრულებისას კი ყველა ბენეფიციარს გადაეცემა სამაჯური, წარწერით: „ჯანმრთელი ცხოვრების ელჩი“.
R