ანა ნაცვლიშვილი: საქართველოს პრეზიდენტმა 40 კანონს მოაწერა ხელი

“საქართველოს პრეზიდენტმა 40 კანონს ხელი მოაწერა, გვიხარია, რომ ამ კანონების დიდი ნაწილი მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს მოქალაქეების რიგი უფლებები იყოს უკეთ დაცული”,-ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ხელმოწერილ კანონებს შორის არის საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, მარტოხელა მშობლის, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების შესახებ კანონები.
“ამ დღეებში ჩვენ ვიმუშავეთ პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებულ კანონებზე. პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა 40-მდე კანონს. გვიხარია, რომ ამ კანონების დიდი ნაწილი მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს მოქალაქეების რიგი უფლებები იყოს უკეთ დაცული. განსაკუთრებით გამოვყოფდი ცვლილებებს, რომელიც ემსახურება საავტორო უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას, ასევე იმას, რომ სახელმწიფო უწყებებმა უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშაონ ძალადობის მსხვერპლების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად და ამისთვის შეიქნება პროცედურები, ასევე მარტოხელა მშობლების შვილებს ავტომატურად აღარ შეუწყებათ სოციალური დაცვის გარანტიები, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მათი მშობელი რეგისტრირებულ ქორწინებაში შევა და სხვ. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებით გაიზრდება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციები, საფინანსო სექტორთან მიმართებაში. მისასალმებელია, რომ ამ ცვლილებების ნაწილი გაპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით. ევროპული სტანდარტის და სულისკვეთების კანონმდებლობის შექმნა და შემდეგ მათი პრაქტიკაში განხორციელება, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის ძლიერი დემოკრატია. ამ მიმართულებით ჩვენ ველოდებით საკანონმდებლო შემდგომ სამუშაოებს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები