“როგორც ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვის, ასევე ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით, არსებული კითხვები პასუხებს საჭიროებს”

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას განაცხადა, რომ როგორც ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვის, ასევე სახელმწიფოს ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით, არსებული კითხვები პასუხებს საჭიროებს.
მისივე თქმით, პრეზიდენტი და საზოგადოება ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე ობიექტური გამოძიების პასუხს ელოდება.
“ამ საკითხთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი იმას, რომ უდიდესი ტრაგედიაა, როცა 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე იკარგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე ჩატარდეს გამოძიება, რომელიც იქნება ობიექტური და რომელიც საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს. ორი ძირითადი მიმართულებით არის ეს კითხვები. ერთი ბუნებრივია, მიემართება იმისკენ, რა ზომები მიიღო სახელმწიფომ, რომ ეს არ დასრულებულიყო ამ შედეგით, რადგან სიცოცხლის უფლება არის ძალიან მაღალი ღირებულება, რომელიც ყველას ავალდებულებს მოქმედებას იმისთვის, რომ ასეთი შედეგები არ დადგეს. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც საზოგადოება პასუხს ითხოვს, ეს არის სახელმწიფოს მოქმედება ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით და ამ მოქმედების ეფექტურობა. როგორც ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვის, ასევე სახელმწიფოს ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით არსებული კითხვები, საჭიროებს პასუხებს. პრეზიდენტი და ჩვენ ყველა, ველოდებით ობიექტურ გამოძიებას. ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტექსტი, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, ის რისკები, რომელიც ტერორიზმის სახით არამხოლოდ საქართველოს, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოს აქვს. ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და ეს პრობლემა რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემაა, კიდევ ერთხელ ჩანს მიმდინარე მოვლენებით და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ არასწორ მოქმედებას, რომელ მოქმედებათა წყებაც უკავშირდება უშიშროების საბჭოს საკითხს და ახალ კონსტიტუციაში სრულიად სხვაგვარად დარეგულირებას. პრეზიდენტი და ჩვენ ყველა, ველოდებით ობიექტურ გამოძიებას, რომელიც, როგორც ვიცით, დაწყებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები