სოზარ სუბარი: სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა თემირლან მაჩალიკაშვილის და ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე კომნტირებისას განაცხადა, რომ სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა.
მისივე თქმით, ახლა ისეთი ფონი იქმნება, თითქოს, ეჭვქვეშ დგება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაც და მოქალაქეების უსაფრთხოებაც.
“სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა პროფესიულ დონეზე, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება, ამ წუთას კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ვიდრე გამოძიება არ იქნება, ჩემგან რაიმე კომენტარის გაკეთება არ იქნება მართალი. ზოგადად, მგონია, ისეთ ფონს ვქმნით ახლა, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასაც და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასაც. არ მგონია, ეს მართალი აქცენტები იყოს”, – განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოწვევაა.
“ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დღეს ყველაზე მთავარი და დიდი გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოში, საქართველოც არის ამ ბრძოლაში ჩაბმული. ტერორიზმის მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის უმთავრესი მოვალეობაა და ბუნებრივია, ჩვენც ამ ბრძოლაში ვართ. შესაბამისად, იმ სპეცსამსახურების ღვაწლი არის ძალიან დიდი, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩაბმულები და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ თქვენი, ჩვენი და საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იყოს. მათ შორის იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, რომლებსაც დღეს ძალიან სტკივათ გული მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალგაზრდის დაკარგვა არის ძალიან დიდი ტკივილი არამხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, მაგრამ ეს ტკივილი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანებს შეიძლება გარკვეული კავშირი გაუჩნდეს ტერორიზმთან. ამიტომაც არის ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელი, რომ ასეთი ახალგაზრდების ჩათრევა არ მოხდეს მსგავს საქმიანობაში”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები